არჩილ თალაკვაძე: პანდემიის დროს არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც კი ეს იქნება შესაძლებელი, დავუბრუნდეთ საქმიანობის ნორმალურ რეჟიმს, სრულად აღვადგინოთ სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები, ასევე პარლამენტი შეუდგეს საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობას – ეს მოხდება საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პანდემიის პერიოდში, პარლამენტის დღის წესრიგსა და მიმდინარე საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებსაც გამოეხმაურა, რომელთა განცხადებითაც, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო „გაჩერებულია“.
„ჩვენ კარგად გვესმის ოპოზიციის ამ ერთი დესტრუქციული და რადიკალური ნაწილის წუხილები და სხვათა შორის, მათი კომენტარებიც ძალიან ნიშანდობლივია, კარგად იკითხება რაც აწუხებთ. ადამიანები, რომლებიც მთელი წელი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და როცა ყველა მუშაობდა, არ მუშაობდნენ, ახლა გამოვიდნენ ბოიკოტის რეჟიმიდან და პარლამენტის საქმიანობაში ჩართვას ითხოვენ მაშინ, როცა მტელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის. როდესაც მოვუწოდებდით, მიიღეთ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში, ჩაერთეთ პოლიტიკურ დებატებში, მთელი ეს პერიოდი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარული სხდომების და კომიტეტის სხდომების რაოდენობა უკიდურესაც იზღუდება. მისივე თქმით, პანდემიის დროს, ასე მუშაობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნების პარლამენტებიც. „მე მქონდა და მაქვს ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან ყოველდღიური კომუნიკაცია ევროპაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნახეთ სხვა პარლამენტები, მათი საქმიანობა ამ პერიოდში არის უკიდურესაც შეზღუდული, ვინაიდან ეს არის პრინციპი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. მეორეს მხრივ, მთელი ეს პერიოდი, პარლამენტი იყო სრულფასოვნად ჩართული სამუშაო პროცესში კოვიდ19-ის წინააღმდეგ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აქტიურად იყო წარმოდგენილი როგორც საკოორდინაციო საბჭოს, ასევე, ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში და არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის ჩართულობის გარეშე არ ყოფილა მიღებული. გარდა ამისა, რეგიონებში აქტიურად მუშაობენ მაჟორიტარები, დარგობრივი მიმართულებებით საქმიანობას აგრძელებენ კომიტეტები და ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები.