გიორგი ტყემალაძემ უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო. საკრებულოს თავმჯდომარემ ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. დღე, როდესაც ფაშიზმი დამარცხდა. მოგეხსენებათ, ჩვენმა თანამემამულეებმა თავგანწირვით იბრძოლეს და ყველაზე მეტი მსხვერპლიც სწორედ ქართველებს შორის იყო. ამ ბრძოლაში ჩვენ ძალიან ბევრი სახელოვანი გმირი დავკარგეთ, რომელთა თავდადებასაც არასდროს დავივიწყებთ. განსაკუთრებული პატივისცემით, ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათ მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვებ. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია ამ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.