შსს: 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლასა და შეზღუდვების შესრულებას პოლიცია უზრუნველყოფს
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გრძელდება და აკრძალვების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
უწყების ცნობით, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლასა და შეზღუდვების შესრულებას პოლიცია უზრუნველყოფს.
“22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რა დროსაც იკრძალება:
– „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია;
– ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში;
შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლასა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-16 პრიმა მუხლით იკრძალება საქართველოს კანონით – „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული წესების დარღვევა, რაც გამოიხატება კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებაში. აღნიშნული სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.