მარიამ ქვრივიშვილი: დახმარების პაკეტის ფორმირებაში მთავრობის მიზანი იყო, ისეთი ინსტრუმენტები დაედო, რაც ბიზნესს ადამიანური რესურსისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა

საქართველოს მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ტურიზმის სექტორისთვის დახმარების პაკეტის დეტალებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოხდა.

ამასთან მან გეგმის შესახებ დეტალურად ისაუბრა და განმარტა, რომ დახმარების პაკეტის ფორმირებაში მთავრობის მიზანი იყო, პირდაპირ ეპასუხა იმ გამოწვევებისთვის და ისეთი ინსტრუმენტები დაედო, რაც დაეხმარებოდა ბიზნესს, ადამიანური რესურსი და სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინა.

“ჩვენ კერძო სექტორთან პირდაპირი დიალოგი მუდმივ რეჟიმში გვაქვს. მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ კერძო სექტორში იგულისხმება ყველა. ჩვენ პირდაპირ ვესაუბრებით სასტუმროებს, გიდებს, ასოციაციებს, განთავსების და კვების ობიექტებს, სატრანსპორტო კომპანიებს. ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებამდე თითოეულ მათგანთან, ფიზიკურ პირთანაც კი გვქონდა საუბარი. ეს ყველა ის საკითხია, რომელიც კერძო სექტორიდან დაისვა.

დახმარების პაკეტის ფორმირებაში მთავრობის მიზანი იყო, პირდაპირ ეპასუხა იმ გამოწვევებისთვის და ისეთი ინსტრუმენტები დაედო, რაც დაეხმარებოდა ბიზნესს, ადამიანური რესურსი და სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინა, რომლის შექმნაზეც, ბუნებრივია, წლებია დახარჯული და ბევრ ადამიანს აქვს ტურიზმიდან შემოსავლის წყარო.

ამავდროულად ბიზნესს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ განაგრძოს ოპერირება. ჩვენ უკვე დავაანონსეთ განვითარების ფაზები: 15 ივნისი – შიდა ტურიზმისთვის, 1-ელი ივლისი – საერთაშორისო მოგზაურების მიღებისთვის.”

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობის მთავარი მიზანია დახმარების პაკეტით კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლოს. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნული პაკეტი დაეხმარება ბიზნესს, გაისტუმროს ვალდებულებები.

„სასტუმროებს და რესტორნებს მიმდინარე ხარჯები აქვთ. ეს შეიძლება იყოს ბანკის სესხის პროცენტი, რომელიც ფიქსირებულ ხარჯებად აქვთ, ასევე საოპერაციო ხარჯები, ისეთი როგორიც არის სახელფასო. რა თქმა უნდა, მთავრობის მთავარი ამოცანა არის, რომ ადამიანებს შეუნარჩუნდეთ შემოსავლის წყარო. დახმარების ეს პაკეტი ხელს შეუწყობს ბიზნესს, ეს არის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, რომელიც ეკუთვნის ფაქტობრივად ყველა სასტუმროს და საკმაოდ მოცულობით თანხა არის. ეს ანულირდა, მათ აღარ მოუწევთ საერთოდ გადახდა აღნიშნული დავალიანების, რომელიც გადავადდა, ასევე, კიდევ ერთხელ გადავადდა საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე. განთავსების და კვების ობიექტებს ექნებათ საშეღავათო პირობა და მთავრობა დაუსუფსიდირებს ბანკის სესხის 80%-ს. აქედან გამომდინარე თავისუფალი რესურსი. რომელიც უკვე გაუჩნდათ ეყოფათ იმისათვის, რომ შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმებული ადგილები და ამავდროულად ეს მათ დაეხმარებათ ბიზნესის ოპერირების გაგრძელებაში”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, განთავსების ობიექტები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება, საშემოსავლო გადასახადის გადავადება კი 2020 წლის ბოლომდე მოხდება.

მოხდება განთავსების ობიექტების სესხების სუბსიდირება, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, ასევე მოხდება საბანკო სესხის 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. ეს პროგრამა გაგრძელდება ექვსი თვე.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, მოხდება 2020 წლის ქონების გადასახადისგან განთავისუფლება, საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გადავადება, საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობა, UNWTO-ს რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების ხელშეწყობა.

ტურისტული კომპანიები და გიდები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. საშემოსავლო გადასახადის გადავადება 2020 წლისბოლომდე მოხდება, საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირება 6 თვით მოხდება. (IATA & GSA)

კომპანიებისთვის ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება მოხდება. დახმარების პაკეტი მოიცავს UNWTO-ს რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების ხელშეწყობას, გიდების გადამზადების პროგრამას, გიდების მხარდაჭერას: უფასო ვიზიტი მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები