სოსო არჩვაძე: ჩვენი ქვეყნის სამაგალითოდ მოხსენიება, მსოფლიო უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის მიერ შექების გარდა მორალური გამარჯვებაცაა
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის, ანდრეას შლაიხერის შეფასებას ეხმიანება, რომელმაც საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყანებად დაასახელა.
“OECD – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია – მსოფლიოს ეკონომკურად უძლიერეს 37 ქვეყანას აერთიანებს, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის თთქმის 2/3 მოდის. ამ ქვეყნების ეკონომიკური წარმატება კი განათლებისა და მეცნიერების მიმართ სწორი სტრატეგიისა დაა თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგიცაა. და ასეთი „ბეგგრაუნდის“ მქონე მსოფლიო უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის ჩვენი ქვეყნის ს ა მ ა გ ა ლ ი თ ო დ მოხსენიება არ არის უბრალო შექება, ეს ფაქტობრივად მორალური გამარჯვებაცაა. თანაც ისეთ ქვეყანასთან „ტანდემში“, როგორიც ფინეთია. – სახელმწიფო, რომელიც ადამიანისეული განვითარების ინდექსით მსოფლიოში 12-ე, ხოლო ეკონომიკური განვითარების დონით – 24-ე ადგილზეა“,- წერს სოსო არჩვაძე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები სისტემატურ მონიტორინგს აწარმოებენ ზოგადად, საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და არც სათანადო რეკომენდაციებს იშურებენ.
არჩვაძის თქმით, OECD-ის ერთერთ მაღალჩინოსანს ეს შეფასება მხოლოდ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების, მათ შორის დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თაობაზე საქართველოს წარმომადგენლის, მინისტრ ჩხენკელის ერთჯერადი მოხსენების საფუძველზე არ გაუკეთებია.
“ეკონომიკური განვითარების მხრივ საქართველო მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის პირველი და მეორე ასეულების მიჯნაზე იმყოფება (მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით: ოფიციალური კურსით – 107 ადგილზე, ვალუტის მყიდველობითი უნარიანობის მიხედვით – 98-ე ადგილზე). მაგრამ ისეთი კომპლექსური მაჩვენებლით, როგორიცაა ადამიანისეული განვითარების ინდექსი (HDI), საქართველო გაცილებით წინ – 70-ე ადგილზეა. აღნიშნული სხვაობა ძირითადად სწორედ განათლების დონის, სახელმწიფო და კერძო სექტორის განათლებაზე გაღებული ხარჯებისა და ყურადღების შედეგია. და თუმცა არ არსებობს ხისტი კორელაცია განათლებაში ჩადებულ ხარჯების ზრდასა და განათლების დონის ზრდას შორის, მთლიანობაში მათ შორის დადებითი კორელაცია ცალსახაა. თვით საქართველოში რამდენიმე ათეული უმაღლესი სასწავლებლის არსებობაც კი, რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილში ირონიით აღიქმება, სწორედ ჩვენი საზოგადოების, მისი რიგითი წევრების განათლებისაკენ იმანენტური სწრაფვის მკაფიო გამოხატულებაა. სახელმწიფო სატელევიზიო არხის მეშვეობით ჩატარებული კვალიფიციური ლოგიკური და თვალსაჩინოებით გაჯერებული დისტანციური გაკვეთილები ხელმისაწვდომი და გასაგებია ყოველი მოსწავლისათვის. ბევრი მშობელი (და არა მარტო ისინი), „ცალი თვალითა და ყურით“, თავადაც ინტერესით ადევნებს თვალყურს ტელევიზიით ჩატარებულ გაკვეთილებს. დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლები ინტერესით და შთაბეჭდილებებით ადევნებენ სწავლების დისტანციურ პროცესს საქართველოში აკრედიტირებული მრავალრიცხოვანი საზღვარგარეთული წარმომადგენლობების და ინსტიტუტების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები და თან – სათანადო დასკვნებსაც აკეთებენ. ამიტომ, ზემოაღნიშნული დასკვნა OECD-ის ერთერთ მაღალჩინოსანს მხოლოდ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების, მათ შორის დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თაობაზე საქართველოს წარმომადგენლის, მინისტრ ჩხენკელის ერთჯერადი მოხსენების საფუძველზე არ გაუკეთებია. მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები სისტემატურ მონიტორინგს აწარმოებენ ზოგადად, საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და არც სათანადო რეკომენდაციებს იშურებენ. ამიტომ, ის, რომ საერთაშორისო დონეზე მსოფლიოს ქვეყნების შორის განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იქნა შეფასებული, ეს არა მარტო ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის, არამედ მთლიანად საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დადებით შეფასებად უნდა მივიჩნიოთ”,- წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.