თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე: დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია?
,,დედამისი ამბობს, რომ ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ახლობელი იყოო – დაიცა, რაიმე ახალი კანონი და სამართლებრივი მიდგომაა, რომ ახლობლების ძარცვა დასაშვებია? ჯერ რა ახლობელია ადამიანს ასობით მილიონს რომ მოჰპარავს?!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვინც ენას აჭარტალებს, რომ პროკურატურამ ეს ბრალი გამოიგონა, ან უნდა დაასაბუთოს, ან კეთილი ინებოს და ვინც დააშავა, პასუხი აგოს კანონის წინაშე.
„შანტაჟი არის თუ თქვენ ვინმეს მშობელს დაემუქრებით, რომ თუ თქვენი შვილი ამას და ამას არ გააკეთებს, მე თქვენ სამსახურიდან გაგაგდებთო. მაგრამ თუ კონკრეტულ ადამიანს ძარცვაში და აფიორაში მონაწილეობის შესახებ წაუყენებენ ბრალს, ეს შანტაჟი არ არის. მაშინ უნდა მითხრათ, რომ იმ მილიონზე მეტის მითვისების სქემაში მონაწილეობა ამ ქალს არ მიუღია და თქვენ გაქვთ მტკიცებულება, რომ ეს [ბრალი] შეთხზულია…
მე ადრე გამიგია, რომ ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს და ისე დააპატიმრეს, მაგრამ თქვენ გაგიგიათ, რომ რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში და ისე დაგაპატიმრონ? მათთვის ბრალის წაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს? ვინც ენას აჭარტალებს, რომ პროკურატურამ ეს ბრალი გამოიგონა, ან უნდა დაასაბუთოს და ან კეთილი ინებოს და ვინც დააშავა, პასუხი აგოს კანონის წინაშე”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობს, მათ შორის, მშობელმა, პასუხი უნდა აგოს.
„დედამისი ამბობს, რომ ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ახლობელი იყოო. დაიცა, რაიმე ახალი კანონი და სამართლებრივი მიდგომაა რომ ახლობლების ძარცვა დასაშვებია? ჯერ რა ახლობელია ადამიანს ასობით მილიონს რომ მოჰპარავს, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ საერთოდ დასაშვები ფორმაა და ამის გამართლება უნდა ვინმეს? რა საზოგადოებაში ვაპირებთ ცხოვრებას? ბიძინა ივანიშვილი ან ვინმე პიროვნება კი არ პატიობს ან არ პატიობს – კანონი არ პატიობს ასეთ საქციელს, რაც ყველამ უნდა შეიგნოს”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.