ნათია თურნავა: 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება ტურისტულ კომპანიებს თანხებს გამოუთავისუფლებს, საშემოსავლო გადასახადი კი წლის ბოლომდე გადავადდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება ტურისტულ კომპანიებს გამოუთავისუფლებს თანხებს, საშემოსავლო გადასახადი კი, წლის ბოლომდე გადავადდება.
მისი თქმით, აღნიშნული გეგმა კომპლექსურია, ვინაიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოიცავს ტურიზმში მოქმედი თითოეული კომპანიის ქვედარგისთვის, რადგან მათ განსხვავებული სპეციფიკა აქვთ.
„ვიტყვი, რომ საერთო გადაწყვეტილება იყო მიღებული მთლიანად ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედ ბიზნესებზე, რაზეც უკვე პრემიერმა ისაუბრა – 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გამოუთავისუფლებთ კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს, რათა შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები, ასევე, სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები და მოემზადონ ამოქმედებისთვის, ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე იყო პირველ ნოემბრამდე გადავადებული, გაგრძელდება წლის ბოლომდე და აქაც იმავე პრობლემას ვპასუხობთ, რა პრობლემაც შეექმნა უმეტეს ბიზნეს, მათ შორის, ამ ინდუსტრიას – საბრუნავი საშუალებების დეფიციტი. უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ვთავაზობთ ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო და ეს არის უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად 95 პროცენტზე მეტი სასტუმრო ინდუსტრიის ობიექტი – ჩვენ აქაც მოვახდენთ მათი საბანკო სესხის 80 პროცენტის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. ეს პროგრამა გაგრძელდება ექვს თვეს“, – განაცხადა თურნავამ.