ციხელაშვილი: სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რომ გადავამოწმოთ მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ რეალური სურათი არ გვაქვს

“სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რომ გადავამოწმოთ მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ რეალური სურათი არ გვაქვს“, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით სავარაუდო ინფიცირებულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრობლემურია ის, რომ ცხინვალის რეგიონი უკვე თვეების განმავლობაში იზოლირებულია, ფაქტობრივად, გადაადგილება სრულად შეზღუდულია. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც იქ წვდომა აქვ, „წითელი ჯვარია“.
“თავისთავად გასაკვირი არ არის, რომ ინფორმაცია ვრცელდება სავარაუდო ინფიცირებულის თაობაზე. თქვენ იცით, რომ, საუბედუროდ და სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რომ გადავამოწმოთ მონაცემები. ამიტომ, ფაქტობრივად, რეალური სურათი არ გვაქვს. ეს არის ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია. გასაკვირი არ არის, რადგან არც ერთი ადგილი მსოფლიოს პანდემიის პირობებში დაცული და დაზღვეული არა არის ინფექციის შეღწევისგან. ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოხდეს პრევენცია გავრცელებისა. ჩვენ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ. იცით, დაწყებული ინფორმაციის გავრცელებიდან, მათ შორის აფხაზურად და ოსურად, დასრულებული სხვადასხვა არხის მეშვეობით მუშაობით, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.
პრობლემურია ის, რომ ცხინვალის რეგიონი უკვე თვეების განმავლობაში არის იზოლირებული, ფაქტობრივად გადაადგილება არის სრულად შეზღუდული. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც წვდომა აქვს არის “წითელი ჯვარი’, რომელთანაც ჩვენ ბუნებრივია ვთანამშრომლობთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. თუმცა, კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ თვითონ მოსახლეობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაიცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც უკვე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომი და შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხრიდან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები