რა არის კორონავირუსის “იმუნიტეტის პასპორტი” და “კოვიდ 19 პასპორტი” – ინფექციონისტის განმარტება
რა არის კორონავირუსის “იმუნიტეტის პასპორტი” და “კოვიდ 19 პასპორტი”? – ამის შესახებ განმარტებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აკეთებს.
„ეს არის ორი სხვადასხვა დოკუმენტი, რომელთა შესახებ ამჟამად აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნას შორის.
1. “იმუნიტეტის პასპორტი” არის სერთიფიკატი იმის შესახებ, რომ ადამიანს აქვს იმუნიტეტი, ანუ ანტისხეულები ახალი კორონავირუსის მიმართ. სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს სერთიფიკატი შეიძლება გახდეს ადამიანების სამსახურში თუ სასწავლებელში დაბრუნების და მოგზაურობის საფუძველი, ანუ ნებართვა. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნული სერთიფიკატის გამოყენებას სიფრთხილით ეკიდება. ასეთი დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლო პრობლემებზე იყო ასევე დისკუსია ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაშიც. რომ შევაჯამოთ, იმუნიტეტის პასპორტთან დაკავშირებული წინააღმდეგობები ავტორთა აზრით ასე გამოიყურება:
ა. ჯერჯერობით მაინც არ არის საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები, რამდენად მართლა იცავს ანტისხეულები ხელახალი ინფიცირებისგან
ბ. ანტისხეულების რა ტიტრია (რაოდენობა) აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანი იყოს დაცული რეინფიცირებისგან
გ. რამდენ ხანს იქნება ეს პასპორტი ვალიდური, ანუ ანტისხეულები თუ იცავს, რამდენ ხანს გრძელდება ეს დაცვა
დ. იმუნიტეტის პასპორტი შეიძლება ადამიანებისთვის გახდეს ინფიცირების წახალისება, რადგან პასპორტის მქონეებს ბევრი უპირატესობა გაუჩნდებათ. ამან შეიძლება მოადუნოს სიფრთხილის ზომები, ან პირიქით, მოახდინოს სიფრთხილის ზომების არ დაცვის სტიმულირება.
ე. იმუნიტეტის პასპორტი შეიძლება კორუფციის წყაროდ გადაიქცეს.
ვ. მოწყვლადი ჯგუფები, სადაც ანტისხეულების ტესტებზე ხელმისაწვდომობა დაბალია და ვისაც განსაკუთრებით ჭირდება სამუშაო ადგილებზე დაბრუნება, შეიძლება მნიშვნელოვნად დაიჩაგრონ.
ზ. შეიძლება დაიწყოს დისკრიმინაცია იმუნური სტატუსის მიხედვით
თ. ზოგჯერ ადარებენ ვაქცინის სერთიფიკატს (მაგალითად, ყვითელი ცხელების ვაქცინაციის სერთიფიკატი სამოგზაუროდ). თუმცა ვაქცინის სერთიფიკატი ასტიმულირებს დაავადების პრევენციას, ანუ ვაქცინაციას, ხოლო იმუნიტეტის სერთიფიკატი ასტიმულირებს ინფიცირებას.
2. რაც შეეხება “კოვიდ-19 პასპორტს”, ეს მოითხოვა ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ და ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი არ არის ამჟამად ინფიცირებული კორონავირუსით. ეს ცნობა უნდა გაიცეს და შესაბამისად, ანალიზიც უნდა ჩატარდეს იმ ქვეყანაში, საიდანაც დაიწყება მოგზაურობა“, – წერს ბუწაშვილი „ფეისბუქში“.