გია აბაშიძე: “მთავარი არხის” კვლადაკვალ, სააკაშვილმა უკვე “ტვ პირველზე” დაამყარა სრული კონტროლი და, როგორც უზურპატორს სჩვევია, საკუთარ წარმომადგენლად ტელევიზიაში უკადრებლის მკადრებელი – ნოდარ მელაძე მიავლინა

“მთავარი არხის” კვლადაკვალ, მიხეილ სააკაშვილმა ახლა უკვე “ტვ პირველზე” დაამყარა სრული კონტროლი და, როგორც უზურპატორს სჩვევია, საკუთარ წარმომადგენლად ტელევიზიაში სანდოობის ზენიტში მყოფი ფილდკომანდერი, უკადრებლის მკადრებელი – ნოდარ მელაძე მიავლინა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ამ სპეცოპერაციის ჩასატარებლად მას პატარა ტრიუკის ჩატარება დასჭირდა, რაც ნიკა გვარამიასა და ნოდარ მელაძეს შორის არარსებული კონფლიქტის გათამაშებაში გამოიხატა. “ჩაჯმულ ფილდკომანდერს” (copyright მ.სააკაშვილი) და, შესაბამისად, “ტვ პირველს” მისიაც შესაბამისი განესაზღვრა – ფსევდო-ნეიტრალური მედიის პლატფორმიდან მოახდინოს “ქართული ოცნების” ხელისუფლების, მისი მხარდამჭერებისა და “ოცნებისადმი” ლოიალურად განწყობილი პირების განუწყვეტელი ბულინგი [დამუნათება]. სწორედ მელაძემ, როგორც ‘ფეიკის’ შექმნის სწორუპოვარმა ოსტატმა, უნდა გადააწყოს “ტვ პირველი” ყალბი ამბებისა და ცილისწამების კონვეირულად მწარმოებელ ფაბრიკად. გაყალბდება და ფაბრიკაციას დაექვემდებარება ყველაფერი, რაც ბუნებაში ნატურალური ფორმით არსებობს – აუდიო- და ვიდეომასალა, საჯარო და კერძო დოკუმენტები, საფოსტო თუ კერძო კორესპონდენცია, საქმის მასალები, ფაქტი, მოვლენა, კომენტარი, თარიღი, ამინდი, სქესი… ეს ყველაფერი გაყალბდება, რათა გადაიქცეს “ოცნების” ხელისუფლების წევრთა და მხარდამჭერთა “კომპრომატად” და ჩაირთოს ბულინგისა და ‘სლატ შეიმინგის’ (შერცხვენის) კამპანია.
ყველაფერი დღესავით ნათელია, გეგმა გაშიფრულია. ნოდარმა და მისმა მყრალმა დამკვეთმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ცრუ კამპანია ბოლო ლურსმანი იქნება კიევში მერამდენედ ჩაფლავებული მიჰაილოს კუბოში და მხოლოდ გაგვაძლიერებს რწმენაში მათ, ვისაც მოძალადე რეჟიმის რევანშისგან საკუთარი ოჯახის, ქვეყნის, ერის დაცვა საკუთარ საქმედ და ბედისწერადაც მიგვიჩნევია“, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები