ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება – საშინაო დავალებების კომპლექსური კრებულები, დისტანციური სწავლების გზამკვლევები და რეკომენდაციები მშობლებისთვის სატელევიზიო ფორმატში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაერო-ს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა დასსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც “კვირას” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-სა და „პირველი არხი – განათლების“ მხარდაჭერით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის ამოქმედებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ამ მიზნით,  საგანმანათლებლო რესურსები ორი მიმართულებით შეიქმნება.

ზოგადი განათლების – „iსკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისათვის შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე https://www.el.ge/.

მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შესრულება. ონლაინპლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის/საგნობრივ ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც.

რაც შეეხება პროექტის მეორე – სკოლამდელი განათლების კომპონენტს, ის გულისხმობს რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების სატელევიზიო ფორმატში შეთავაზებას სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის, რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. ასევე, დისტანციური სწავლების პროცესის მართვის მხარდაჭერის მიზნით სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეიქმნება დისტანციური სწავლების გზამკვლევები.

მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში – ღასან ხალილმა, განათლების კოალიციისგამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძემ და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ბერიძემ მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები