პრეზიდენტი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მინისტრების დონეზე უნდა ჩატარდეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას პანდემიით შექმნილი რთული ვითარება განიხილეს და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას უმაღლესი შეფასება მისცა და მას ეფექტიანი უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ძლიერდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა. მისი თქმით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ უნდა გახდეს.
სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო ევროპაში ნატო-ს მასშტაბური წვრთნების ნაწილის გადადების მიუხედავად, იგი მომავალ წელს ჩატარდება და მას, როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოც უმასპინძლებს, რაც მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მაჩვენებელია.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ნატო-სთან ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობს – შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ნატო-სა და ევროკავშირისათვისაც და კიბერუსაფრთხოება. სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის მხარეებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაუზიარონ ერთმანეთს და კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, უფრო მეტი გეგმები უნდა განახორციელონ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა, უმაღლესი შეფასება მისცა ამ თანამშრომლობას და მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას კი “შთამბეჭდავი” და “მტკიცე” უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მინისტრების დონეზე უნდა გაიმართოს.