მარინა ეზუგბაია: კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ხოლო 7 პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც მძიმე პნევმონია აღენიშნება, დასტაბილურდა.
“ჩვენს ცენტრში 57 პაციენტი წევს, აქედან 54 დადასტურებული შემთხვევაა. სამი არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა დღეს დილას დამთავრდება და გავარკვევთ, გამოჯანმრთელებულები არიან თუ – დადასტურებულები. ახალი შემთხვევა არ შემოგვმატებია.
კრიტიკული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება – შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევის დინამიკით მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება ნაადრევია, ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით, ჯერჯერობით, კვლავ კრიტიკულია და მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება. დანარჩენი 7 მძიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით – მათი მდგომარეობა სტაბილურია, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება გვეუბნება, რომ უკვე მძიმე ფორმებიდან, ალბათ, საშუალო სიმძიმის ფორმებში გადავლენ. ჩვენთან, დღევანდელი დღის ჩათვლით 130-მა პაციენტმა იმკურნალა, აქედან 72 გამოჯანმრთელებული გვყავს. ნომერ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.