რა თანხა დააგროვა და რა სარგებელი მიიღო საპენსიო ფონდმა – 1 წლის შედეგები

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 507 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა წლის განმავლობაში აკუმულირდებოდა კომერციულ ბანკებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებულ მიმდინარე ანგარიშებზე.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშებზე დარიცხულმა სარგებელმა, ჯამურად, 17 მილიონი ლარი შეადგინა, რაც, დაახლოებით, 7.5 პროცენტი წლიური ამონაგების ტოლფასია.
2019 წლის ბოლოსათვის დაგროვებითი საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 1.03 პროცენტი შეადგინა. მოსალოდნელი ფულადი ნაკადების პროგნოზისა და, პირობითად, 7-პროცენტიან წლიური სარგებლის განაკვეთის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ 2029 წლის ბოლოსათვის აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება და 11.5 პროცენტიან ნიშნულს (მშპ-სთან შეფარდებით) მიაღწევს და, ზრდის ტემპების მიხედვით, სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაუახლოვდება.
შეგახსენებთ, რომ, 2018 წელს განხორციელებული საპენსიო რეფორმის შედეგად, საპენსიო სააგენტომ საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობას უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭო, რომლის ხუთკაციანი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 11 მაისს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები