“დაკვეთაა, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან თავს უნდა მოგვახვიონ სიძულვილი და კონკრეტული აგენტები, აგენტურა ასრულებს ამ დავალებას. ჩვენ ყველანაირად დავუპირისპირდებით ამ დავალებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასეთი დაკვეთების შესრულებით არის დაკავებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით რასა იუკნევიჩიანესა და ცალკეული დეპუტატების განცხადებებს ეხებოდა.
„ასეთი ადამიანების კომენტარები საერთოდ არ არის საინტერესო. ძალიან მარტივად მივყვევთ ფაქტებს. არის ადამიანი, რომელმაც დაარღვია უხეშად კანონი, უხეში შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს. აქ, ასეთი კომენტარები სრულიად უადგილოა და მათ არავითარი ფასი არ აქვს. თან, საინტერესოა, რომ ეს არიან ის ადამიანები, ამ შემთხვევაში უცხოელებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ორიოდე დღის წინ ამართლებდნენ უხეშ აგრესიას კონკრეტული ქალბატონის წინააღმდეგ. პირდაპირ, მშრალად ამართლებდნენ აგრესიას და უფრო მეტიც, იწონებდნენ ამ აგრესიას, რომელიც ძალიან მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფით იყო გამოხატული. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ორმაგი სტანდარტები და ამ ორმაგი სტანდარტის მიზეზი. აქ არის ძალიან მარტივი დაკვეთა, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან თავს უნდა მოგვახვიონ სიძულვილი და კონკრეტული აგენტები, აგენტურა ასრულებს ამ დავალებას. ჩვენ ყველანაირად დავუპირისპირდებით ამ დავალებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასეთი დაკვეთების შესრულებით არის დაკავებული”, – განაცხადა პრემიერმა.