ლევან გოფოძე: ექიმების დაინფიცირების პრობლემა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის

“ექიმების ინფიცირების პრობლემა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მაგალითად, სულ მომყავს ძალიან განვითარებული მედიცინის მქონე ქვეყანა – იტალია, სადაც კატასტროფა მოხდა – მედიცინის 160 მუშაკი დაიღუპა, მათგან 120 ექიმი იყო”,- ასე უპასუხა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტის კითხვას – “რატომ მოხდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 12 %-ზე მეტი ექიმია და რაში ხედავს პრობლემას”.

გოფოძის თქმითვე, ამ ეტაპზე კორონავირუსი მათი კლინიკის არცერთ მედპერსონალს არ გამოვლენია.

“ძალიან რთულია ამის განსაზღვრა. ჩვენ გაწერილი გვაქვს წესი და რიგი, როგორ უნდა გვეცვას, როგორ უნდა ვმოძრაობდეთ, როგორ უნდა მივიდეთ ადამიანთან, გააჩნია, რას ვაკეთებთ. როდესაც ინვაზიური მეთოდის ჩატარების მიზნით ვართ პაციენტთან, მაშინ სულ სხვაგვარი აღჭურვილობა გვჭირდება. როდესაც გასასინჯად, სანახავად და ასე შემდეგ, მაშინ სხვა. ასე რომ, ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ექიმების ინფიცირების პრობლემას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მაგალითად, სულ მომყავს ძალიან განვითარებული მედიცინის მქონე ქვეყანა – იტალია, სადაც კატასტროფა მოხდა – მედიცინის 160 მუშაკი დაიღუპა, მათგან 120 ექიმი იყო. ძალიან რთულია გავიგოთ, საიდან ვრცელდება ექიმებზე, შეიძლება არა მხოლოდ კლინიკაში, არამედ გარედანაც მოხდეს ინფიცირება. სავარაუდოდ, შესაძლებელია პაციენტებიც იყვნენ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფიცირებული მედპერსონალი არ ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ მთელ მედპერსონალს ტესტირება ჩაუტარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვეყოლება, თუმცა ვცდილობთ, არ იყოს. ასევე ცდილობს ყველა კლინიკა, ამაში ეჭვი არ მეპარება”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები