მეუფე შიო: ყველა განსაცდელს, ყველა შიშს, ყველა მუქარას ყოველთვის სძლევდა ქრისტეს სიყვარული, თუ ეს გვაქვს, ყველაფერს დავძლევთ, თუ არ გვაქვს, ვეცადოთ, რომ მოვიპოვოთ
სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა.
„ყველა განსაცდელს, ყველა შიშს, ყველა მუქარას ყოველთვის სძლევდა ქრისტეს სიყვარული, თუ ეს გვაქვს, ყველაფერს დავძლევთ, თუ არ გვაქვს, ვეცადოთ, რომ მოვიპოვოთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.
კითხვაზე, უნდა განიხილოს თუ არა საპატრიარქოს ზნეობრივმა კომისიამ ყინწვისში მომხდარი ფაქტი, მეუფემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდონ.
„ვერ გეტყვით, როგორ დასრულდება საკითხი, იმისდა მიხედვით მერე მოგახსენებთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლირმა მეუფე გერასიმე შარაშერიძემ.
მისი თქმით, საპატრიარქოში არსებულმა ზნეობრივმა კომისიამ უნდა იმსჯელოს და შემდეგ სინოდზე უნდა იქნეს საკითხი განხილული.
როგორც ზუგდიდელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, ფაქტის შესახებ მედიისგან გაიგო და მისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.