გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა
გორში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნებიერა“, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მუშაობას განაგრძობს. საწარმო რძის პროდუქტებით შიდა ქართლის რეგიონის გარდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც ამარაგებს.
საწარმოში სამუშაო პროცესს შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნო. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რეგიონში საწარმოების შეუფერხებლად ფუნქციონირება.
,,არსებული ვითარების მიუხედავად, შიდა ქართლში არ შეუწყვეტია მუშაობა იმ საწარმოებს, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების პროდუქციას აწარმოებენ. ერთ-ერთი ასეთია ,,ნებიერა“, რომლის პროდუქციის გავრცელებაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება“,- აღნიშნა რწმუნებულმა.
საწარმო „ნებიერა“ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დაფუძნდა, თუმცა გარკვეული პერიოდი აღარ ფუნქციონირებდა. ამჟამად, იჯარით ადგილობრივ მეწარმეს აქვს გადაეცემული, რომელმაც მუშაობის განახლებასთან ერთად, დუალური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებასაც აიღო. საწარმოში ამ დროისთვის 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.