ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივ მეფუტკრეებს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რეგიონის გუბერნიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ონლაინჩართვის საშუალებით ალექსანდრე მოწერელია ამჯერად მეფუტკრეებს გაესაუბრა, შეხვედრაზე ასევე ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები.
“სახელმწიფო რწმუნებულმა დარგის წარმომადგენლებისგან ყველა იმ საჭიროების შესახებ მოისმინა, რაც მეწარმეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში შეექმნათ.
შეხვედრაზე მეფუტკრეებმა, მთავარ პრობლემად საკომენდატო საათებში გადადგილება დაასახელეს. სწორედ ამ პერიოდში, ღამის საათებში ხდება ფუტკრის ოჯახების სეზონური მთა-ბარობა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეფუტკრეებს განუცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა მათ აღარ შეაწუხებდათ.
იმ მეფუტკრეებს, ვისაც ფუტკრის ოჯახების გადაყვანა უწევთ, უნდა მიმართონ შესაბამის მერიებს ან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას.
მეფუტკრეების მსგავსად, სახელმწიფო რწმუნებული, სოფლის მეურნეობის სხვა დარგის წარმომადგენლებს ონლაინ ჩართვის საშუალებით გაესაუბრება და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას მიიღებს”, – ნათქვამია გუბრენიის განცხადებაში.