მერაბ ქვარაია: ჯანმრთელობის მდგომარეობის პარალელურად, ასევე, მთავარი გამოწვევა ეკონომიკის გადარჩენა და მისი ამუშავებაა
“ჯანმრთელობის მდგომარეობის პარალელურად, ასევე, მთავარი გამოწვევა ეკონომიკის გადარჩენა და მისი ამუშავებაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ PALITRA NEWS-ის თოქ-შოუში განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს სამუშაო ადგილები, რათა ადამიანები დიდხანს არ დარჩნენ დახმარების იმედად.
“დღეს არა მარტო ხელისუფლების, არამედ ყველა ქართველის საზრუნავია, ხელი გაუწოდოს იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა ამ გულწრფელი ქველმოქმედებით. თუნდაც ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ნომერ პირველია ერთ მოსახლეზე გაღებული ქველმოქმედებით, ყველაფერთან ერთად, ჩვენს ქვეყანას სხვა დადებითი კუთხით წარმოაჩენს.
სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ კორონამდელ ნიშნულს და აღვადგინოთ ის, რაც გვქონდა. აქ ყოველ დღეს და წუთსაც კი მნიშვნელობა აქვს. რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს სამუშაო ადგილები, რათა ადამიანები დიდხანს არ დარჩნენ დახმარების იმედად და თავად შეძლონ ხელფასის გამომუშავება”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.