ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში Covid- 19-ზე შემოწმებული 29-ვე პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკის ლაბორატორიაში დღეს, კორონავირუსზე 29 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
მათივე ცნობით, 29 ადამიანიდან 13 ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსა და სენაკის ცხელების ცენტრის მედპერსონალი იყო. დანარჩენი 16 მოქალაქე კი სხვადასხვა ცხელების ცენტრიდან და საკარანტინო სივრციდან იყო.
“საბედნიეროდ, ისევ დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ სამეგრელოს რეგიონში. დღეს გამოვიკვლიეთ 29 პაციენტი, მათ შორის იყო 13 მედიკოსი ინფექციური საავადმყოფოდან და სენაკის ცხელების ცენტრიდან. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ასე გადანაწილდნენ: ყველაზე მეტი იყო რუხის საავადმყოფოდან, კლინიკა „ენელაი“-დან და სენაკისა და ხობის ცხელების ცენტრებიდან. ჩვენს ლაბორატორიაში, ამ წუთის მონაცემებით, უკვე გამოკვლეულია 100-მდე ადამიანი“, – აცხადებს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.
მისივე ცნობით, ხვალიდან, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო სრული დატვირთვით შეუდგება ტესტების გამოკვლევას და კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ ჯარისკაცებსა და ჟურნალისტებსაც.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.