ნათია თურნავა: სარესტორნე დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს დიდი ყურადღებით შევისწავლით და სამოქმედო გეგმაში ავსახავთ

“სარესტორნე დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს დიდი ყურადღებით შევისწავლით და სამოქმედო გეგმაში ავსახავთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრმა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანლებთან ონლაინშეხვედრა გამართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იყო მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, ასევე, ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნესსექტორი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დადგა. ონლაინშეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები – ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ანტიკრიზისული სტიმულირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ბიზნესსექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს, მათ შორისაა, სარესტორნე ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დარგია.

„ეს არის ჩვენი სიმდიდრე, მაგრამ დღეს ამ დარგს ძალიან გაუჭირდა. ჩვენ დიდი ყურადღებით შევისწავლით დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ ჩვენს სამოქმედო გეგმაში ავსახავთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

ონლაინშეხვედრაზე სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებმა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გაამახვილეს კრიზისის გამო საბანკო დავალიანების წარმოქმნასა და მისი რესტრუქტურიზაციის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, რესტორატორთა წარმომადგენლებთან მისი პირველი შეხვედრისას გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დარგი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შედეგად დადგა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა როგორც ანტიკრიზისულ, ასევე, პოსტკრიზისული სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, დახმარების ის მოდელი, რომელიც მთავრობამ ტურისტულ სექტორს ჯერ კიდევ პანდემიამდე შესთავაზა, დღეს გადახედვას საჭიროებს, რადგან დარგის წინაშე არსებული ზარალი გაცილებით მასშტაბურია. მისი თქმით, დახმარება მოიცავს როგორც საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადებას, ასევე, პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ბიზნესის სტიმულირების ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებას, როგორიცაა საკრედიტო – საგარანტიო სქემა, საბანკო პროცენტების თანადაფინანსება და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები