გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე აგრარული ბაზარი ხვალიდან მუშაობას განაახლებს
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე აგრარული ბაზარი ხვალიდან მუშაობას განაახლებს. აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა .
მისივე განცხადებით, აგრარულ ბაზარში მთავრობის მიერ გაცემული ყველა საჭირო რეკომენდაცია დაცული იქნება და ხვალიდან, ადგილობრივ ფერმერებს მოყვანილი პროდუქციის რეალიზების საშუალება ექნებათ.
“ბაზარი გაიხსნება იმ სტანდარტით, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია შიდა ქართლში არ ყოფილა. ზოგადად, რეგიონში გვაქვს რამდენიმე ბაზარი, მაგრამ ამ ეტაპზე , ყველაზე სწრაფად ვინც დააკმაყოფილა ის სტანდარტები, რომელიც არის დადგენილი სახელმწიფოს მიერ, ესეთი არის მხოლოდ ერთი- ე.წ ახალი ბაზარი კარალეთში , რომელიც ხვალიდან გაიხსნება. ჩვენ ადგილზე ვიყავით დღესაც, წინა დღეებშიც და უშუალოდ ჩავერთეთ ამ ყველაფრის ორგანიზებაში. ერთის მხრივ, ფერმერებს მიეცემათ საშუალება მათ მიერ მოყვანილი პროდუქცია გაყიდონ და მეორეს მხრივ, მომხმარებელს, ვინც აგრარული ბაზრებით სარგებლობს, ექნებათ საშუალება ადგილობრივი თუ არაადგილობრივი პროდუქცია შეიძინონ“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის,კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა სპეციალურმა შტაბმა შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით არსებული აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყეტილება 4 აპრილის სხდომაზე მიიღო.