IRC: კრიზისულ რეგიონებში COVID-19-ს შესაძლოა, მილიონობით ადამიანი ემსხვერპლოს

მსოფლიოში 32 ნაკლებად წარმატებული ქვეყნის თითქმის 3,2 მილიონი ადამიანი შესაძლოა, SARS-CoV-2-ს ემსხვერპლოს, ამ ქვეყნებში ინფიცირების საერთო რიცხვმა კი შესაძლოა, მილიარდს მიაღწიოს, – ამის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, International Rescue Committee-ის (IRC) მოხსენებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის იემენი, ავღანეთი და სირია, ამგვარი სცენარის არიდებისთვის ცოტა დრო დარჩა. იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების შენელება მოხდეს, შედარებით წარმატებულმა ქვეყნებმა მათ ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

IRC-ის წარმომადგენლების თქმით, სირიაში, საბერძნეთსა და ბანგლადეშში ლტოლვილთა ბანაკები მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს წარმოადგენენ, შესაბამისად, ასეთ ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება.

მეორეს მხრივ, განვითარებად ქვეყნებში, რომლებსაც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის სტაბილური სისტემა არ გააჩნიათ, ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებამ და დისტანციის წესის დაცვამ შესაძლოა, შიმშილი და მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვიოს.

IRC-ის თავმჯდომარე დევიდ მილიბენდმა აღნიშნული პროგნოზები “გამოსაფხიზლებელ ნიშნად” შეაფასა და დონორ ქვეყნებს მოუწოდა, იზრუნონ იმაზე, რომ ღარიბი და ომის მდგომარეობაში მყოფის ქვეყნების მოსახლოებას დაცვის საშუალებებთან, ხელების დაბანის პუნქტებთან ჰქონდეთ წვდომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები