უცხოური მედია: სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება, არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები
“ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად. სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში – უარყოფითი. შეიძლება, კიევშიც არეული აქვს საქმე. სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება, არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები“, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში “სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება“, რომელსაც The National Interest-ი აქვეყნებს.
“თუ მიშამ ვერ გაამართლა რეგიონის გუბერნატორად, რატომ აბარებს მას პრეზიდენტი ეროვნული რეფორმების წარმართვას? ამის ორი მიზეზი იკვეთება – პირველი, რომ ზელენსკის რეიტინგი კლებულობს და სასოწარკვეთილია, რაიმეთი დაიწეროს ქულები. ის ხალხს დაჰპირდა, უკრაინას გავამდიდრებო, აღმოსავლეთ უკრაინაში ომს დავასრულებო და მექრთამეობას მოვსპობო. აქამდე სამით ნულს აგებს, არადა უკვე ერთი წელია, ქვეყანას მართავს. უკრაინა ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება, არადა ომი გრძელდება, რაც დანარჩენი მსოფლიოს ყურადღების მიღმა რჩება. ტრაბახა ადამიანები ფრონტის ხაზზე მიღწეულ წინსვლას მოიშველიებენ, მაგრამ ნოემბრის სამიტის შემდეგ დიდი არაფერი მიღწეულა და მეორე, უკრაინა დასავლეთს უნდა დაუტკბეს და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაარწმუნოს, რომ მას კიდევ ერთი მრავალმილიარდიანი პროგრამა დაუმტკიცდეს. აქამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს სურვილი არ გასჩენია, ამგვარი ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა, რადგან მართებულად აწუხებს ის ფაქტი, რომ ოლიგარქი, იჰორ კოლომინსკი ცდილობს მის ყოფილ ფინანსურ დაწესებულებაზე – პრივატბანკზე – კონტროლი დაიბრუნოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 8 მილიარდი დოლარის მისაღებად უკრაინამ უნდა მიიღოს კანონები მიწის საკუთრებისა და საბანკო სისტემის რეფორმის შესახებ. მიწის საკუთრების შესახებ რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დიდი ძალისხმევით იქნა მიღებული, თუმცა კოლომინსკისთან მოკავშირეებმა პარლამენტი წალეკეს საბანკოს სისტემის რეფორმის უსარგებლო ცვლილებების პროექტებით“, – ნათქვამია The National Interest-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
წყარო: https://nationalinterest.org