მიხაილო ფედოროვმა სირსკისთან კონფლიქტზე ისაუბრა – “ის მზად არის ინტრიგები მოაწყოს, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემებს მიხედოს”
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან არსებული უთანხმოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათ შორის დაპირისპირება რეალურად არსებობდა და ეს ხელს უშლიდა რამდენიმე ინიციატივის განხორციელებას.
ფედოროვის განცხადებით, სირსკი მის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა და, პრობლემების პირდაპირ განხილვის ნაცვლად, თითქოს „ინტრიგებზე“ იყო ორიენტირებული.
მისი თქმით, მთავარსარდალი ცდილობდა მედიისა და შეხვედრების გამოყენებას იმის საჩვენებლად, რომ მის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობდა, ნაცვლად იმისა, რომ არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე ემუშავა.
„სინამდვილეში, როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ სირსკის შეცვლას არ გეგმავს – ეს არის მისი, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილება. მე სრულად დავეთანხმე ამ გადაწყვეტილებას და ვუთხარი, მაშინ მასთან მუშაობას ვისწავლი, რადგან საბოლოოდ ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა უკრაინელი ხალხია და არა ვინმე სხვა“, – აღნიშნა ფედოროვმა.
ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ სირსკის შეცვლა შესთავაზა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის უთანხმოება რეფორმებსა და ომის მართვის საკითხებს უკავშირდებოდა.
როგორც თავად ზელენსკი განმარტავს, ფედოროვის გადადგომის მიზეზი თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს შორის კონფლიქტია, რომელიც სხვადასხვა დონეზე ხდებოდა.
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა შეთავაზება არ მიიღო.