“ოზურგეთის აგრარული ბაზარი სეს-ის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და მისი გახსნა არ იგეგმება”

ოზურგეთის აგრარული ბაზრის გახსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება, მიზეზად სურსათის უვნებლობის სამსახურის რეკომენდაციები სახელდება, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე ბაზარი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც საჭიროა.

“ჯერჯერობით, ოზურგეთის ცენტრალური ბაზრის გახსნა არ იგეგმება, ამას წყვეტს სურსათის უვნებლობის სამსახური, რომლის რეკომენდაციების თანახმად, ოზურგეთის ბაზარი ჯერჯერობით არ გაიხსნება. მიცემული აქვთ ეს რეკომენდაციები მოვაჭრეებს და ვნახოთ, რამდენი ხანი დააგვიანდება ბაზრის გახსნას. წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია. ხვალისთვის, შესაძლოა და საუბარი მიდის, იმ პატარა მაღაზიების გახსნაზე, ბაზრის შესასვლელთან რომ მდებარეობს, თუმცა, ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ხვალ გვეცოდინება ზუსტად”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.

ოზურგეთის აგრარული ბაზრის შესასვლელები ამჟამად დაკეტილია.  როგორც ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ აღნიშნა, ტერიტორიაზე მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც მალფუჭებადი პროდუქტი აქვს დარჩენილი.
“შემოდიან ის გამყიდველები, ვისაც დარჩენილი აქვთ მალფუჭებადი პროდუქტი, რომ გაიტანონ. ტერიტორიაზე ვაჭრობა ამ მომენტისთვის არ არის. არც ის ვიცით, რამდენ ხანში აღდგება ვაჭრობა, შეიძლება ეს იყოს ერთი კვირა, შეიძლება 10 დღე – წინასწარ ვერ ვიტყვით”, – თქვა სოსო სიხარულიძემ.

ოზურგეთის აგრარული ბაზარი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის გამო 20 მარტის შემდეგ დაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები