როგორ ამხნევებს თვითიზოლაციაში მყოფ მსმენელს გიგი პიანომენი


როგორ ცხოვრობენ ხელოვანები კარანტინის რეჟიმში? დღევანდელი „პერსონის“ სტუმარია  პიანისტი და მუსიკის ავტორი გიგი პიანომენი, რომელმაც ჯერ ექიმებს, შემდეგ კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მუსიკალური კომპოზიციები მიუძღვნა. მას ინტერნეტით უსმენენ  მუსიკის თაყვანისმცემლები და, როგორც ამბობს, თვითიზოლაციის დროს ბევრად მოიმატა მსმენელთა რაოდენობამ. დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში გიგი პიანომენი (ჭიპაშვილი) ონლაინკონცერტს გამართავს და მსმენელს საინტერესო პროგრამას შესთავაზებს.

 როგორ გრძნობს თავს გიგი პიანომენი ამ ვითარებაში?
– უფრო ჩართული ვარ მუსიკალურად.  ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირი კონტაქტი მქონდეს სოციალურ ქსელში, რომ ხალხი  ცოტათი მაინც გახალისდეს, ადრე საამისოდ,  ყოველდღიური ჩართულობისთვის დრო არ მრჩებოდა, აქეთ-იქით დავდიოდი, მაგრამ ახლა მუსიკა, პიანინო და ჩაკეტილობა მშველის, რომ უფრო მეტი შევძლო.
– ხალხიც აქტიურად გეხმაურებათ, ხომ?
– რა თქმა უნდა, ადრე  გარეთ გასულები ვერ იცლიდნენ კომპიუტერისთვის, ახლა ყველა ტელეფონთან და კომპიუტერთან ატარებს დროს. ორ თვეში მსმენელთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.
– რევაზ ლაღიძის „ყური უგდე საქართველოს“ – კომპოზიცია ექიმებს მიუძღვენით…
– ეს კომპოზიცია  „ყური უგდე საქართველოს“ მარტში უცებ შეიქმნა, ექიმებისადმი მადლიერების ტაშამდე  ნახევარი საათით ადრე. სულ მიყვარდა ეგ ძველი სიმღერა, მაგრამ თანამედროვე ვერსიას ვერ ვხდავდი, და უცბად, იმ დღეს ფანჯრებიდან ტაში რომ უნდა დაეკრათ, დაიბადა ახალი ვერსია.
– ექიმებმა  მოგცეს შთაგონება?
– რა თქმა უნდა. შინაგანად ისე ვიყავი დამუხტული, ნამდვილად ეკუთვნით ამ ადამიანებს  ყველაზე მეტი დაფასება, და მიძღვნაც დაიბადა.
კომპოზიციას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მე რაც დამიკრავს და შემისრულებია, ამდენი გაზიარება და ნახვები არცერთ ვიდეოს არ ჰქონია. დაახლოებით 12 ათასამდე გაზიარება ჰქონდა.
იხ. მუსიკის ბმული:
https://www.youtube.com/watch?v=SWpNMnluSBg&fbclid=IwAR3-fbrS_LT9ARpRs8kiciBVysuTx15Pl-tM1xkH9E0Kk7KK93wksgnZnSQ
– წელს უჩვეულო აღდგომა იყო, გადაძახილით ულოცავდა ხალხი ერთმანეთს ამ დღესასწაულს.  მართალია ყველა ვერ წავიდა ტაძრებში, მაგრამ შინ დარჩენასაც თავისებური ხიბლი ჰქონდა. „მადლობა პატრიარქს – „კირიელეისონ“, – ასე მიულოცეთ აღდგომა ხალხს. როგორ დაიწერა ეს კომპოზიცია?
– გახსოვთ ალბათ სოციალურ ქსელში დიდი დავა იყო, ზოგი ამბობდა, მივდივარ ტაძარშიო, მეორე ეჩხუბებოდა, რატომ მიდიხარო… ყველა დაძაბული იყო, რაღაცის მოლოდინი ჰქონდა… მინდოდა ეკლესიისთვის რამე გამეკეთებინა, და იდეაც თავისით მოვიდა. უცებ მომივიდა აზრი, პარტიარქის საგალობლის საფორტეპიანო ვერსია მომემზადებინა. დაახლოებით ერთი-ორი დღე ვერსიებს ვალაგებდი. ცოტა ძველი ვერსიიდან ავიღე, რაღაც დავამატე, ბოლოს შეიქმნა ვარიაციები.
აიტაცეს ეს საგალობელიც და ბევრი ნახვა დააგროვა.
– თავად პატრიარქმა თუ მოისმინა?
– ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტა რომ ჩაწყნარდება კორონავირუსის ამბები,  შემპირდნენ, მიგიყვანთ საპატრიარქოშიო,  იქ როიალზე აუცილებლად ცოცხლად შევუსრულებ პატრიარქს ჩემს ვარიაციებს.
– სხვა დროს თუ შეხვედრიხართ პატრიარქს?
-კი, პირველად ათიოდე წლის წინ შევხვდი, ჩემი პიესები დავუკარი. 4 წლის წინ ისევ შევხვდი და მაშინაც დავუკარი მომღერალთან ერთად. პატრიარქს წყნარი, მელოდიური მუსიკა ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კლასიკა.
– თავიდან კლასიკაზე იყავით გადართული, საკუთარი საფორტეპიანო პიესებიც შექმენით, შემდეგ კი კინომუსიკამ „გადაფარა“ ყველაფერი… და მაინც, რომელმა კინომუსიკამ მოახდინა ყველაზე დიდი ეფექტი თქვენზე?
– კლასიკური მუსიკა 8 წელია აღარ შემისრულებია სცენაზე,  უფრო საკუთარ პიესებს ვუკრავ, ცნობილი თემების ახალ ვერსიებს. კინომუსიკა ძალიან მიყვარს და ვაპირებ ამ ჟანრში ბევრი რამის შექმნას. მართლა ძალიან მიყვარს.
თქვენი კომპოზიციები სხვადასხვა თემაზეა: ყველაზე ძალიან რომელი მუსიკალური კომპოზიცია გიყვართ თქვენი შემოქმედებიდან?
– ბავშვობიდან თუ დავიწყებთ, მორიკონეს მუსიკამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა, თუნდაც მუსიკამ ფილმიდან „ერთხელ ამერიკაში“,  დავასახელებდი ფილმ „პიანისტს“, არის სხვა ფილმებიც…
მარტო მორიკონე არა, რამდენიმე დიდი კომპოზიტორია, რომელთა გარეშეც ფილმი არ არსებობს.
კინომუსიკა ზუსტად იმიტომაა საინტერესო, რომ შენში რაღაცას ისეთს ტოვებს, კინოსაც, ხასიათსაც, მოგონებასაც. პლუს, ის მელოდია თუ დარჩა და შეიყვარეს, მერე ყველა ამ მელოდიით იხსენებს იმ კინოს.
– კიდევ ხომ არ აპირებთ ახალი მელოდიის, კინომუსიკის შექმნას?
– ჩემსას ვაპირებ, ახლა, რომ გაჩერდა ყველაფერი, დრო გამომვნახე და სამი, ოთხი საუნდტრეკივით შეიქმნა ფილმებისთვის. თუმცა ეს მელოდიები დასასრულებელია, ჩემი მელოდიები დოკუმენტურ კინოს უფრო მოერგება, პიანინოს ხმა უფრო შავ-თეთრ კადრებს უხდება, ამიტომ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსების სცენარებს უნდა მოერგოს.
რაც შეეხება დიდ ფილმს, დასპონსორების შემთხვევაში, მელოდია გაორკესტრდება და  უფრო განივრცობა. ამ ეტაპზე საუნდტრეკების საფორტეპიანო ინტერპრეტაციები იქმნება.
– თქვენი მუსიკა ახლავს მოკლემეტრაჟიან ფილმს „სოვდაგარს“…
– ამ ფილმმა გაიმარჯვა სანდესის ფესტივალზე, თამთა გაბრიჩიძის ფილმია. მუსიკა ჩემი იყო, ველოდებით დიდ შემოთავაზებებს და ვფიქრობ, სამომავლოდ, ამ რეჟისორთან ვითანამშრომლებ.
– გაქვთ თქვენი გვერდი „იუთუბზე“. თქვენი პიესებიდან რომელს გამოარჩევდით?
– რამდენიმეს გამოვყოფდი, მაგალითად, ბოლო კონცერტზე, რომელიც გასული წლის დეკემბერში მქონდა, დავუკარი: „ერთ დღეს ჩვენ გავფრინდებით“.
ვიტყოდი, რომ არის პიესები, როცა  რაღაც თემაზეა მელოდია დასადები და არის  პიანისტურად დატვირთული პიესები,  როცა სცენაზე უკრავ და მთლიანად ჩართული ხარ, ასეთი პიესა სირთულით შთამბეჭდავი და გამორჩეულია, რომელიც შეიძლება ყველა პიანისტმა დაუკრას. რაც უფრო ასეთია ნაწარმოები, და სხვა პიანისტმაც შეიძლება შეასრულოს, ის მუსიკა უფრო ახლოსაა ჩემთან, რადგან ნაშრომია. თუ მარტო   ორწუთიანი მელოდიაა, ეს უბრალოდ ლამაზი პიესაა, რაღაცაზე უნდა დაადო და უსმინო.
– თბილისზეც გაქვს კომპოზიციები. როგორია  თქვენი თბილისი?
– ძალიან მიყვარს თბილისი და ქართველის ბუნება, რომელიც ყველასგან განსახვავებულია, ამერიკაში ვცხოვრობდი, ჩინეთშიც ვყოფილვარ. მაგრამ  ჩვენს ხალხში სხვანაირი სითბოა.
ამ დღეებში ვნახეთ კადრები – როგორ მეგობრობს ხალხი იტალიაში, აივნებზე არიან გამოსულნი და  მღერიან, ძალიან უყვართ ერთმანეთი,  მაგრამ როგორც კი იტალიელს გაიცნობ და დაუმეგობრდები, მიხვდები, რომ ჩვენნაირები მაინც არაფრით არ არიან. სითბოს ვგულისხმობ.
ბევრი უცხოელი მეგობარი მყოლია და ჩვენნაირი გაგება არსად შემხვედრია. და არც იქნება, ახლობლის მოვლა, ზრუნვა, მხარდაჭერა, ესაა ის, რაც გულიდან მოდის, თორემ ცუდი ადამიანი ალბათ ყველგანაა. აქაც შეიძლება მოხდეს, ვიღაცამ ვიღაცას აწყენინოს, გაქურდოს, თავში ჩაარტყას…
ამ ქალაქშიც, უბნებშიც თბილისური განწყობა არის…  მელოდიებში ხომ არის და არის, იმიტომ ვიხსენებ ძველ  მუსიკას, ლაღიძეს, ცაბაძეს, ყანჩელს… იმათ მელოდიებში არის ის, რაც მე მიყვარს ამ თბილისში, ამიტომ ვიღებ და  ახლებური ინტერპრეტაციით მიმაქვს მსმენელამდე.
– გააფორმეთ შალვა მატუაშვილის საღამო. სხვა რომელი მხატვრის შემოქმედება გააფორმეთ?  მხატვრობა თუ გეხმარებათ შემოქმედებაში?
– შალვა მატუაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, ქეთევან დავლიანიძე… ძალიან მაგარი სფეროა მხატვრობა. ახლა ვაპირებ ქეთისთან ჩემი მუსიკის ფონზე მისი ნახატების ონლაინკომპოზიციას. მის  მხატვრობას მუსიკა ძალიან უხდება და სპეციალურ კომპოზიციებს ვუწერ, რომ ვიდეომ  იტრიალოს ინტერნეტსივრცეში.
ზოგადად, მხატვრობას და მხატვრის ნამუშევარს  ძალიან ვაფასებ.
– შთაგონება თუ მოუცია ნახატს?
– არა, მაგას ვერ ვიტყვი. უფრო – ფილმებს…
 ბეთჰოვენი, ბახი და მოცარტი –  თქვენს რჩეულ ტრიადას კიდევ ხომ არ შეემატა ახალი სახელი?
– როგორ არა, რახმანინოვი, შოპენი,  შუბერტი…  გენიალური ხალხია, მაგრამ ესენი, მაინც ვთვლი, რომ სხვა მასშტაბის მუსიკას წერდნენ, სხვა განზომილებაში იყვნენ. ბეთჰოვენი და ბახი ჩემთვის სხვა სიმაღლეა, სხვა კიბეზე დგანან. ცოტა აქეთ რახმანინოვი ალბათ ყველაზე დიდი იყო…
– ბოსტონის კონსერვატორიაში სწავლობდით. საინტერესო გზა გამოიარეთ დღემდე…
– ბოსტონამდე თენგიზ ამირეჯიბმა უდავოდ ბევრი რამ მომცა, ის, რასაც ჰქვია მუსიკოსის ჩამოყალიბებაში.
ბოსტონში უფრო არაკლასიკურ ჟანრებშია დიდი გავლენები, იქ მაღალ დონეზეა უფრო ესტრადა, ჯაზი, არანჟირებები… კლასიკური მუსიკის დონე ჩვენთან გაცილებით დიდი იყო იმ დროს, როცა მე წავედი ამერიკაში, მოსკოვი, ლენინგრადი და ეს სკოლა უფრო დიდია, ვიდრე ამერიკა.  კლასიკური მუსიკის მე პირადად ვთვლი, რომ ამერიკა  კლასიკური მუსიკის დიდი დონით არ გამოირჩევა, რაც შეეხება ესტრადას, პოპ მუსიკა, ჯაზი და სხვა ჟანრები, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა.
იქ ბერკლის კოლეჯში დავდიოდი და გაკვეთილებს ვესწრებოდი, რამაც ძალიან ბევრი რამ მომცა, როგორც მუსიკოსს, ახალი ვერსიების შექმნაში, არანჟირებასა და არაკლასიკური  ჟანრებში.
მე ყველგან ვარ. გახსნაზეც ვუკრავ, საფორტეპიანო პიესასაც ვწერ კონსერვატორიაში, კლასიკურ მუსიკას ვუკრავ ვერ გაჩერდები, მითუმეტესამ დროში“, – ამბობთ ერთ ინტერვიუში.  ანუ აქტიურობა აუცილებელია?
– რა თქმა უნდა, მოთხოვნასაც უნდა აჰყვე და მსმენელსაც. ზოგს მოცარტი უყვარს, ზოგს შენი პიესა, ვიღაცას კინომუსიკა უყვარს, ვიღაცას – ქართული სიმღერა. ქართული სიმღერა რომ უყვართ, ამ ორმა თვემ დამიდასტურა, იმდენი ნახვები აქვს, არაფერი არ უნდათ ქართული მუსიკის გარდა.
– ანუ კარანტინმა  კიდევ ერთხელ  დაგარწმუნათ ამაში…
– არა, სულ ვიცოდი ერთი რამ – საქართველოში როცა უკრავ, ჯობია, რომ ქართული დაუკრა, ვიდრე ამერიკული, ან რომელიმე უცხოური. ასევეა სიმღერაც. ვფიქრობ, მომღერალმა აქ არ უნდა იმღეროს შემოტანილი ჟანრები, ჩვენს ხალხს უნდა ძველი  ნაცნობი მელოდიები, რომლებზეც გაიზარდნენ, ახლებურ ვერსიას ყველა – მთელი საქართველო მიიღებს, არ უნდათ ახალი გამოგონილი რაღაცები.
– თქვენ მიერ შექმნილი ახლებური ინტერპრეტაციები არ არის გამაღიზიანებელი და პირვანდელი ვერსიისგან რადიკალურად დაცილებული, თუმცაღა სიმღერები, რომლებიც ბოლო დროს ზოგადად ესტრადაზე ხლებური ინტერპრეტაციით სრულდება, არცერთი არ გავს საწყის ვერსიას, მათი აჟღერებაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა…
– სამწუხაროდ, ისინი არღვევენ იმას, რაც მთავარია იმ მელოდიებში –  კომპოზიტორის აკორდებს ცვლიან, არც მეც არ მომწონს, გეთანხმებით. ქართულ კონკურსებზე გაუტანიათ ისეთი  ვერსიები,  გადამირთავს ტელევიზორი, ცუდად გავმხდარვარ. არ შეიძლება ამის მოსმენა. ის მთლიანად შეცვლილია. ის  არ მოეწონება არც ჩვეულებრივ მსმენელს და არც მუსიკოსს.
თუ იღებ ცაბაძეს, აიღე ის აკორდები, რაც დაწერა. განა შეიძლება რიტმი მთლიანად შეუცვალო?  როცა ჟანრს და აკორდულ ჰარმნიას ცვლი, გაუგებარია, ვერავინ  გაიგებს, რას მღერი.
პირვენდელი ვერსიის კომპოზიტორს არანაირი ჩანაფიქრი არ უნდა დაუკარგო, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება აუცილებლად წარმატებული.
-ჰობი…
– ძალიან მიყვარს ცურვა და სიარული ფეხით.
– ბავშვობაში ფეხბურთი გიყვარდათ…
– ფეხბურთი ისევ მიყვარს, ოღონდ დროის სიმცირის გამო ვეღარ ვახერხებ ბიჭების შეკრებას, ყურებით ყველაზე მეტად ეს სპორტი მიყვარს, მაგრამ მე თვითონ რომ ვაკეთებდე, ცურვა პირველ ადგილზეა.
– კარანტინის პერიოდშიც დადიხართ ფეხით?
– კი, დავდივარ, ჩავიცვამ, პირბადეს გავიკეთებ  და ვსეირნობ ქუჩებში. ერთი საათით ქუჩაში რომ არ ვიარო, არ შემიძლია.
– მელოდიაც ხომ არ მოდის?
– რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა. მარტო ყოფნა ძალიან მშველის, ფიქრისთვის საჭიროა.
– ორი საავტორო სოლოკონცერტი  გქონდათ… როგორი განცდა  დაგიტოვათ და როდის აპირებთ მესამე კონცერტს?
– განცდას რაც შეეხება, პირველ კონცერტზე გინდა, დაამტკიცო, რომ რასაც წერ, მისაღებია და ამიტომ ატარებ. როგორც კი ხვდები, რომ ხალხს მოსწონს, ანუ შენ შეგძლებია ამის კეთება. მეორე კონცერტზე მართლა ისე იყო, ვინც მოვიდა, უკვე იცნობდნენ ჩემს შემოქმედებას, ძალიან დიდი მოთხოვნით ჩატარდა.
რაც შეეხება ახლანდელ პერიოდს, კარანტინს და იზოლაციას, მართლა იმდენი მსმენელი დაგროვდა და იმდენი მთხოვს, ახალი კონცერტი გაიმართოს… სავარაუდოდ, შემოდგომაზე, ან ისევ დეკემბერში აუცილებლად ვუმასპინძლებ მსმენელს კონსერვატორიაში და ახალ პროგრამას დავუკრავ.
– მანამდე კი, 22 მაისამდე გრძელდება საგანგებო მდგომარეობა…
– მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ორ კვირაში მსმენელს მოვიწვევ „ლაივ“ ონლაინკონცერტზე, რომელიც ერთსაათიანი იქნება. მწერენ, ქართული ვერსიები გვიყვარს, მაგრამ იქნებ თქვენი პიესებიც დაუკრათო. აქამდე ცნობილ თემებს ვუკრავდი, ერთი კინომუსიკის საღამოც გავმართე. ახლა ამ საღამოზე ჩემი ახალი საფორტეპიანო პიესები შესრულდება,  მათი თანამედროვე ახლებური ვერსია გაჟღერდება, რაც „იუთუბიზე“ მოუსმენიათ, ოღონდ ოდნავ სხვანაირი იქნება.
– ფსევდონიმზე მინდა გკითხოთ. თქვენი გვარი ჭიპაშვილია, პიანომენს დაიტოვებთ საბოლოოდ?
– ადრე ფსევდონიმ „ვანდერს“ ვაწერდი. სხვათა შორის, პროდიუსერმა მირჩია,  ვანდერს რომ იყენებდი, არ გინდაო. უკვე არის ასეთი ადამიანი და ყველას ძალიან უყვარსო. მეორე ნამდვილად არ არის საჭირო მუსიკალურ სამყაროში, აფიშებზეო. მეც დავუჯერე. პიანომენი ისეთია, ყველა პიანისტს შეიძლება უწოდო. არის  ძალიან პოპულარული ჯგუფი  „პიანოგაის“, იგივე პიანობიჭები.
ეს პიანომენი არსად არ არის დაფიქსირებული და კარგია, რომ დარჩეს.
– ხალხს რას ეტყოდით?
– პირველ რიგში, მადლობას ვეტყოდი. ფეისბუქზეც სულ ამას ვუსვამ ხაზს. რაც ქართული ვერსიების გამოქვეყნება დავიწყე იზოლაციაში, მსმენელის ძალიან დიდი ყურადღებაა,  ძალიან გვიყვარხარო, მადლობაო.  მეც იგივე მინდა ვუთხრა მათ, მათ გარეშე აზრი არ აქვს ჩემს დაკრულს, მარტო ხომ არ დავუკრავ, ჩემთვის? თუ არ მოისმინეს და არ მოიწონეს, სტიმული არ იქნება. ამიტომ ხალხს მინდა ვუთხრა: „მადლობა“ და კიდევ ის, რომ ძალიან მალე დავპატიჟებ კონცერტზე და ვასიამოვნებ.
– თქვენ  როგორ მოგიხსენიოთ ინტერვიუში – მუსიკოსი, კომპოზიტორი, კიდევ?
– პიანისტი, მუსიკის ავტორი. კომპოზიტორი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებები მაქვს დაკრული… მიყვარს,  რომ კომპოზიტორი იყოს ბახი და ჩვენ ვიყოთ მუსიკის ავტორები.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები