ბორჯომის მერიამ ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილე პირები მოინახულა
ჩერნობილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ბორჯომში მცხოვრებ ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სახლში ესტუმრნენ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ მათ მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისათვის, მადლიერების გამოსახატავად კი საპატიო სიგელები და ტექნიკის მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერები გადასცეს.
„ჩერნობილში მომხდარმა კატასტროფამ მრავალი ადამიანი შეიწირა, ასევე დიდი ეკოლოგიური ზიანი მოუტანა გარემოს. სწორედ ამ ურთულეს დღეებში საკუთარი სიცოცხლის ფასად აწარმოეს სამუშაოები ამ ადამიანებმა, დღეს გვინდოდა მათთვის მადლობა გვეთქვა და მცირედი საჩუქარი გაგვეკეთებინა“- აღნიშნა დავით ზაალიშვილმა.
ჩერნობილის აფეთქება მსოფლიომ ენერგეტიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავარიად შეაფასა, კატასტროფის შედეგად 8 ტონაზე მეტი რადიოაქტიური მასალა გავრცელდა და 60 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი დააბინძურა.