გიორგი ცუცქირიძე პრემიერმინისტრის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს.

როგორც ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, ნახევარ წელზე გაწერილი სოციალური დახმარება დახმარება არც ერთ ქვეყანაში არ დაანონსებულა.

„პრემიერ გახარიას მიერ დღეს წარმოდგენილი სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმის განხილვა მომავალშიც გაგრძელდება და გარკვეული კორექტივებიც შევა, რადგან იგი მოიცავს როგორც კრიზისულ, ასევე პოსკრიზისული პერიოდის ეკონომიკის სტიმულირების სტრატეგიას. ამჯერად არ ვაპირებ ანტიკრიზისული გეგმის დეტალურ განხილვას, თუმცა ორ მთავარ ფაქტორზე მსურს აქცენტის გადატანა, სოციალური დახმარების პაკეტის ნაწილზე და ბიზნესის საკრედიტო საგარანტიო სქემების მექანიზმის აქტიურ დანერგვაზე.

ბუნებრივია, ქართულმა ოპოზიციამ მისთვის დამახასიათებელ სტილში, ეს გეგმაც დაიწუნა და სხვადასხვა ეპითეტებითაც უხვად შეამკო. მაგალითისათვის, სოციალურ პაკეტში 1200 ლარიანი დახმარება, უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის, სასაცილოდ მცირე და არაადექვატურ თანხათაც კი მიიჩნია, მოსალოდნელი 3 მილიარდ დოლარიანი დახმარების ფონზე და წინასაარჩევნო ტრიუკსაც შეადარა, მოსახლეობის თავისებური მოსყიდვის თვალსაზრისით.

უნდა ავღნიშნო, რომ 200 ლარიანი დახმარება თვისობრივად განსხვავდება ანალოგიური დახმარების პაკეტებისაგან, რომელიც სხვა ქვეყნების მიერ იქნა გამოყოფილი. იგივე აშშ-ში 1200 დოლარიანი დახმარება გაიცა ერთჯერადი დახმარების სახით და იმ ადამიანებზე, რომელთა ხელფასიც 95 ათას დოლარზე ნაკლებია წელიწადში. სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც ამ ტიპის დახმარებები მაქსიმუმ 3 თვიან პერიოდზე არის გათვლილი, ხოლო ჩვენთან 6 თვიან პერიოდზეა და ნახევარ წელზე გაწერილი დახმარება არც ერთ ქვეყანაში არ დაანონსებულა, რადგან, თანხის სიდიდის არაადექვატურობაზეა ახლა აქცენტები გადატანილი და ამ კუთხითაც სურთ სამთავრობო პროგრამის დაკნინება, შედარებისათვის მცირეც სტატისტიკასაც მოვიყვან“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტისთვის მიუღებელია ოპოზიციის პრეტენზიები, თითქოს ეკონომიკის სტიმულირების გეგმა არასათანადოდ ითვალისიწინებს ბიზნესის და პირველ რიგში ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას.

„ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა არის ნომერ პირველი ეკონომიკა მსოფლიოში, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით არის 62,794.6 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც საქართველოს ანალოგიური მაჩვენებელი 12 000 აშშ დოლარს შეადგენს და სულ მცირე 5 ჯერ მაინც ნაკლებია, გარდა ამისა დახმარება რომელიც გამოყო ტრამპის ადმინისტრაციამ არის მისი ბიუჯეტის 11 %, ჩვენ შემთხვევაში მთლიანი დახმარების წილი ბიუჯეტის 40 % მდეც კი ადის, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ამერიკის დახმარების ანალოგიურ მაჩვენებელზე და ორჯერ მეტია ვიდრე იაპონიის შემთხვევაში, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით არის ჩვენზე 4 ჯერ მეტი!

კიდევ უფრო გაუგებარია, აბსურდამდე დასული პრეტენზიები თითქოს ეკონომიკის სტიმულირების გეგმა არასათანადოდ ითვალისიწინებდეს ბიზნესის და პირველ რიგში ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. სწორედ საკრედიტო საგარანტიო სქემების გამოყენებით გახდა წარმატებული პრაქტიკულად ყველა ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა იქნება სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, კანადა, თურქეთი თუ ისლანდია… 300 მილიონიანი საგარანტიო ფონდი იძლევა 9 ჯერ მეტი ფინანსური რესურსის მიღების საშუალებას საკრედიტო დაწესებულებებიდან, რაც არის უპრეცედენტოდ დიდი თანხა და შესაძლებლობა ადგილობრივი წარმოებისათვის!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ამ საგარანტიო სქემების ნაწილი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საგრანტიო ფონდებიც, რამაც მთლიანობაში დასაქმების ზრდა და ადგილობრივ წარმოებაზე ბაზირებული მდგრადი ინკლუზიური ზრდა უზრუნველყოს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები