კვლევა: საფრანგეთში კარანტინმა სიკვდილს 60 ათასი ადამიანი გადაარჩინა
საფრანგეთის სახელმწიფო ჯანდაცვის უმაღლესი სკოლის ეპიდემიოლოგების დასკვნით, კარანტინმა 60 ათასი ადამიანის სიკვდილის არიდებას შეუწყო ხელი. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვირუსით ინფიცირებული ქვეყნის მოსახლეობის 23% აღმოჩნდებოდა.
გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ საკარანტინო ზომების გამოყენების გარეშე ჰოსპიტალიზაცია 670 ათასს პაციენტს დასჭირდებოდა, მათგან 140 ათასი მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.
ასეთი სცენარის შედეგად, საავადმყოფოებს ერთდროულად რეანიმაციულ განყოფილებებში 100 ათასი საწოლი დასჭირდებოდათ, მხოლოდ პარიზის რეგიონში, დამატებით 30 ათასი ადგილი. კარანტინის შედეგად კი, 8 აპრილის მდგომარეობით, როდესაც ეპიდემიის პიკი იყო, რეანიმაციაში სულ 7 148 ადამიანი იმყოფებოდა.
პროექტის კოორდინატორის, პასკალ კრეპეს თქმით, მოდელირების შედეგად აღმოჩნდა, რომ 19 მარტიდან დაწყებული გარდაცვლილთა რიცხვი ყოველ 4-5 დღეში გაორმაგდებოდა და 19 აპრილისთვის 10 ათასს ადამიანს მიაღწევდა.
კრეპე მიიჩნევს, რომ 11 მაისს კარანტინის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საკარანტინო ზომები ამ ვადამდე მკაცრად იქნება დაცული.