ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინვაჭრობაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მომართეს საქმიანობის ოლნაინრეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიითა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები.

შემოწმების ფარგლებში, კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნილი რეკომენდაციები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ათობით კომპანია შემოწმდება, რომელიც ონლაინვაჭრობას ეწევა ან აქვს სურვილი, გადაეწყოს და სავაჭრო საქმიანობა ონლაინ გააგრძელოს.

„უახლოესი დღეები კონცენტრირებულნი ვიქნებით ონლაინვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმებით, ვინაიდან როგორც კი დაიწყება საგანგებო შეზღუდვების შერბილება, ონლაინვაჭრობა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი და პირველი დარგი, ვინც საქმიანობის განახლებას შეძლებს. შესაბამისად, გვინდა, რომ კომპანიები მომზადებული შეხვდნენ ფუნქციონირების დაწყების უფლებას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას პასუხობენ ის კომპანიები, ვინც ზოგადად სპეციალიზდება ონლაინ ვაჭრობაზე ან ვინც ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ახლა გადაეწყო ონლაინ ვაჭრობაზე და ადგილზე მიტანის სერვისზე”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, აქტიურად აგრძელებს კომპანიების შემოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ამ მიზნით, უახლოეს ერთ კვირაში ჯამში 450 ობიექტი შემოწმდება, რომელთა შორის ონლაინვაჭრობის განმახორციელებელი ობიექტებიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები