გენადი მარგველაშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს უჭერს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს უჭერს.

გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო სწავლის აღდგენის გადაწევის პერიოდში იმისათვის, რომ მოსწავლეებს მიეღწიათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისთვის და სწავლის პროცესში წყვეტა არ ყოფილიყო, სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაიწყეს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია პროექტი „ტელესკოლა” – „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხი” განათლების ტელევიზიად გარდაიქმნა, ეთერით გადაიცემა სასკოლო გაკვეთილები I-XII კლასებისათვის. აღნიშნული პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი გამოყენება შეუძლია ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერთან, “მეორე არხის” სიხშირე ფარავს მთელ საქართველოს”.

გენადი მარგველაშვილის განცხადებით, „ტელესკოლის” გარდა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა სკოლებს Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზეს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. საქართველოს საჯარო სკოლებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი (600 000-მდე მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელი). საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, სადაც „ახალი სკოლის მოდელის” ტექნოლოგიების ექსპერტები მოხალისეობრივად ეხმარებიან მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დანერგვაში. შექმნილია ფეისბუქის ჯგუფი, სადაც EMIS-ის თანამშრომლები და „ახალი სკოლის მოდელის” ტექნოლოგიების ექსპერტები პასუხობენ Microsoft Office 365-ის პროდუქტების დისტანციური სწავლების მიზნებისთვის გამოყენების დროს წამოჭრილ შეკითხვებს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებთან ერთად დისტანციური სწავლების ფორმატი დანერგეს, როგორც უმაღლესმა, ასევე პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. მოსწავლეებისთვის ხელმისაწვომი გახდა გრიფირება მინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები, ასევე გამომცემლობებმა გარკვეული ვადით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკუთარი წიგნების ციფრულ ვერსიაზე მისცეს უფასო წვდომა.

რაც შეეხება მოსაზრებას აკადემიურ სემესტრად გამოცხადების თაობაზე, გენადი მარგველაშვილის აზრით, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს 2020-2021 სასწავლო წელს პირველკლასელ მოსწავლეთა მიღების საკითხი.

„ვინაიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფრასტრუქტურა, იმისათვის რომ მეთორმეტე კლასელების სკოლიდან გაშვების გარეშე შეძლოს პირველკლასელთა ნაკადის მიღება”, – განაცხადა მან და თავის გამოსვლაში ექიმებთან ერთად მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ახალ მეთოდებს ამკვიდრებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სისტემამ მიაღწიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს, შენარჩუნდეს სწავლის უწყვეტობა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები