აშშ-ის მისურის შტატმა კორონავირუსის გაჩენისთვის ჩინეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
აშშ-ის მისურის შტატმა კორონავირუსის გაჩენისთვის ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, – განაცხადა შტატის გენერალურმა პროკურორმა, ერიკ შმიტმა.
მისი თქმით, პეკინი COVID-19-ის დაავადებასთან დაკავშირებით მსოფლიოს ატყუებდა და თითქმის არაფერი გაუკეთებია, რომ ეპიდემია დასაწყის სტადიაზე შეეჩერებინა.
“მისურიში ვირუსის შედეგები ცხადია – ათასობით ინფიცირებული, დიდი რაოდენობა გარდაცვლილია. მცირე ბიზნესის უამრავი კომპანია დაიხურა და ამჟამად მათ თანამშრომლებს ელემენტარულად საკვების ფული არ აქვთ”, – აღნიშნა პროკურორმა.
მისურის შტატში გაგზავნილი სარჩელი მიმართულია ჩინეთის ხელისუფლების, კომუნისტური პარტიის, რამდენიმე სამინისტროს, ხუბეისა და უხანის ხელისუფლების წინააღმდეგ.
პროკურორის თქმით, ჩინეთის ხელისუფლება “საზოგადოებას ატყუებდა”, “მალავდა მნიშვნელოვან ინფორმაციას”, “უარყოფდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტებს” და “დამცავ საშუალებებსაც მალავდა”.
შმიტის თქმით, ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელი იყო.