“თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს”
“კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია, რომ სხვებთან შედარებით ვინარჩუნებთ დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად მაღალი საერთაშორისო შეფასებებისა, ქვეყანა პიკის ფაზაში შედის და მოდუნება არ შეიძლება.
„ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია, რომ სხვებთან შედარებით ვინარჩუნებთ დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას. ამის კიდევ ერთი მაგალითია გუშინდელი ჩემი საუბარი გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან. მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები. ამით ყველა უნდა ვამაყობდეთ. თუმცა, ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო დამძიმებას გამოიწვევს. მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს, მთავარია ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის ადგილები იყოს, როგორც აქამდე შევძელით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.