ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას: როცა ამ რთულ ვითარებაში რაღაც ულტიმატუმით საუბრობთ, ესაა სწორედ თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ

როცა ამ რთულ ვითარებაში რაღაც ულტიმატუმით საუბრობთ, ესაა სწორედ თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მან ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე გააკეთა კომენტარი.

„ძალიან ცუდია, როცა ასე იქცევით ამ რთულ ვითარებაში, როცა ყველას კონსოლიდაცია მოგვეთხოვება და ეს აქაც უნდა ვაჩვენოთ, პირველ რიგში პარლამენტში. თქვენ ხედავთ, რომ მთავრობამ ძალიან დროულად მოახდინა, ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსის მობილიზება. რა გჭირთ, რა დაგემართათ, რათა თქვათ რომ ეს ძალიან კარგია. ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ეს თანხა სწორად როგორ მივმართოთ. თქვენ რას ამბობთ და ხართ პოპულიზმით დაკავებული, უპასუხისმგებლოდ უდგებით საკითხს და ხალხს ეუბნებით, რომ იცით რა, მთავრობამ დაგირიგოთ ფული, მთავრობამ გაგიუქმოთ გადასახადები. ძალიან მარტივია ამის თქმა.

ყველას, თითოეულ მოქალაქეს რა თქმა უნდა ყურში კარგად მოხვდება, რომ მთავრობამ ფული დაურიგოს და გადასახადები გააუქმოს. ამას ამბობთ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ უდგებით საკითხს, იცით, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ამ ხელისუფლებას, რომელმაც ერთდროულად უნდა მართოს პანდემიაც და ამ კრიზისიდანაც უნდა გამოვიდეს, პოსტეპიდემიური სიტუაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს.

როცა ამ რთულ ვითარებაში რაღაც ულტიმატუმით საუბრობთ და ამბობთ, რომ ეკონომიკური პროგრამა თუ არ იქნება, ხალხი მივუშვათ და ეს პანდემია გავრცელდეს და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს ქვეყანა, ესაა სწორედ თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ და ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები