რუსუდან თევზაძე ზურაბ გურულზე: კორონამ მოახდინა უღირსობის, როგორც ტერმინის ლუსტრაცია, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად თქვენი სახელი დაერქვა
“საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, კორონამ მოახდინა უღირსობის, როგორც ტერმინის ლუსტრაცია, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ამ წუთისთვის თქვენი სახელი დაერქვა – ზურაბ გურული!”, – ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“რა არის ღირსება? ეს კითხვა ხშირად ისმის, თუმცა პასუხი მაინც რთული გასაცემია და არაერთგვაროვანი, ვინაიდან ის მოკლებულია პრაგმატიზმსა და მატერიალიზმს, ღირსება უფრო მეტად სულიერი მდგომარეობაა, რომელიც ადამიანის ქმედებებს განაპირობებს.
სასწორზე ღირსებასა და უღირსობას თუ ავწონით, ღირსება აუცილებლად გადაწონის უღირსობას, და იცით რატომ? ღირსების პინა ეკუთვნის ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმთა მთელ გუნდს, რომლებიც, საბედნიეროდ, მრავლად არიან და ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს, მათი მსახურება ომში მებრძოლი ვაჟკაცების ტოლფასია, მეტი თუ არა. ხოლო მეორე პინა ერთ კონკრეტულ „ექიმს“ სახელად ზურაბ გურულს ეკუთვნის, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მსახურობს. ჩემდა გასაოცრად, სარგებლობს ამ „იმუნიტეტით“ და თავს უფლებას აძლევს, ყოველგვარი მორალური, კოლეგიალური, ადამიანურიც კი წითელი ხაზი გადაკვეთოს და მოიქცეს ისე, როგორც იქცევა.
ის ამბობს, რომ ვირუსმა ლუსტრაცია მოახდინა, საქართველოს ექიმების ინტელექტუალური რესურსისა…. და კიდევ სხვა მრავალი, არა ბატონო ზურაბ, მწარედ ცდებით!
აბა კარგად მომისმინეთ, საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ კორონამ მოახდინა, უღირსობის, როგორც ტერმინის ლუსტრაცია, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ამ წუთისთვის თქვენი სახელი დაერქვა – ზურაბ გურული!
პ.ს. ჩემი უდიდესი და გულწრფელი პატივისცემა ყველა პროფესიის ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ ღირსეულად შრომობს საკუთარი და ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, – წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ 17 აპრილს ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო საქმიანობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და, განსაკუთრებით, პრეპარატ “პლაქვენილის” გამოყენება.