“თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან”
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან.
ეზუგბაიამ უპასუხა კითხვას, უნდა იყვნენ თუ არა თვითიზოლაციაში ის ადამიანები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში იმყოფებოდნენ.
„იცით, რა არის საქმე – ასე საუბარი არ შეიძლება. მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვსაუბრობთ. ჩემთვის უცხო არ არის, მე შემიძლია, გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიყვანს. ზოგადად უნდა ვისაუბროთ – თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიღაც სეგმენტზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.