გოგონა სიზმრიდან, განკურნებული სიმსივნე და ქართველი მხატვრის „ჟოზეფინაზე“ შეყვარებული ესპანელები…

„თვითიზოლაციას ვუფერადებ ადამიანებს“ – ასე მიპასუხა, როცა მისი ნახატებით დავინტერესდი და ვკითხე, კორონავირუსის თემატიკაზეც ხომ არ შეუქმნია ნამუშევრები. მეორე დღეს კი, სწორედ ჩვენი საუბრის შემდეგ, დაიხატა ახალი ნახატი, რომელიც ჩვენს დღევანდელობას გამოხატავს.
ესპანეთში, გალიციის ერთ პატარა პროვინციაში, ოჯახით ცხოვრობს. საზაფხულო სკოლაში ხატვის მასწავლებლად მუშაობს.
საქართველო 4 წლის წინ დატოვა.
სისტემატურად მონაწილეობს გამოფენა-გაყიდვებში, სულ ახლახან, მარტში, დაგეგმილი გამოფენა კი კორონავირუსის გამო გადაიდო.
მისი მოხატული ლოდები გალიციის ერთი ლამაზი ქალაქის სკვერს ამშვენებს.

ამბობს, რომ ძირითადად ერთ გოგონას ხატავს, რომელიც მისი სიზმრებიდანაა და რომელსაც ბავშვობიდან ნახულობს სიზმარში.  ესპანეთში ამ გოგონას „ჟოზეფინა“ უწოდეს და დიდი სიყვარულით და პოპულარობით სარგებლობს. ეუბნებიან, რომ ჟოზეფინას მათთვის სიხარული და ბედნიერება მოაქვს. – მხატვარ სოფი მოდებაძის პერსონა.

– კახეთიდან, ლაგოდეხიდან ვარ. ერთი ჩემნაირი, ტყუპისცალი, თბილისში ცხოვრობს და ისიც მხატვარია.
ბავშვობიდან ვხატავ, როგორც დედაჩემი ამბობს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველი ნახატი დავხატე… პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ, ესპანეთამდე ავსტრიაში და იტალიაშიც ვიცხოვრეთ და აქ ყველაზე კარგად და კომფორტულად ვართ, ვირუსთან დაკავშირებით ვღელავთ, მაგრამ საზოგადოება ძალიან მკაცრად იცავს ყველა რეკომენდაციას და ვცდილობთ, მივყვეთ მთავრობის მითითებებს…
– ესპანეთის გალიციის ერთ პატარა პროვინციაში ოჯახით ცხოვრობ. კორონავირუსის რეალობა და უცხო ქვეყანა?
– ეს გარემოება, ბუნებრივია, მოქმედებს ჩემზე, როგორც მხატვარზე. ამიტომაა, ასე უხვად ვიყენებ ფერებს, ამით ვაბალანსებ ჩემში შიშს და ემოციურ ფონს.
– გავრცელდა დიდი მხატვრების პორტრეტები პირბადეებით. როგორ დახატავდი საკუთარ თავს პირბადეში? 
– ჩემი პირბადე აუცილებლად ფერადი იქნება…
– საზაფხულო სკოლაში ხატვის მასწავლებლად მუშაობ ზაფხულობით, მთელი წელი კი საკუთარ სახელოსნოში ხატავ… 
– მყავს მოსწავლეები პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით, მათაც ვასწავლი, შექმნან საკუთარი ფერადი სამყარო და ცხოვრების უმეტესი ნაწილი იქ გაატარონ…
– ძირითადად, ერთ გოგონას ხატავ, რომელიც შენი სიზმრებიდანაა და რომელსაც ბავშვობიდან ნახულობ სიზმარში… ესპანეთში მას „ჟოზეფინა“ დაარქვეს… როგორ დაიხატა პირველად ჟოზეფინა?
– ბავშვობიდან ვნახულობდი მას სიზმარში, მანამ, სანამ არ დავხატე..
გამოფენა-გაყიდვებში სისტემატურად მონაწილეობ…
– მყიდველი, ძირითადად, ესპანელი ხალხია… მოსწონთ „ჟოზეფინები“, ბევრს საერთოს პოულობენ მასთან, კიდევ, ჩემს ნახატებში მოსწონთ ფერების მრავალფეროვნება. ამბობენ, რომ პოზიტივით ვავსებ მათ…
– შენი ჟოზეფინა ძალიან მოსწონთ ესპანელებს…
– ის ძალიან კეთილი და ფერადია… ყველა ის თვისება აქვს, რაც იდეალურ გოგონას უნდა ჰქონდეს. უბრალო და დიდსულოვანია, თავისებურიც… ვინც ჟოზეფინას ყიდულობს, მეუბნებიან, რომ მათთვის სიხარულის და ბედნიერების მომტანია. კონკრეტულ მაგალითებსაც გეტყვით.
ცოტა ხნის წინ სახლში ჟურნალისტები მესტუმრნენ, ერთმა ჟურნალისტმა, ჟოზეფინას ისტორია რომ მოისმინა, კიბეებთან მისული მოტრიალდა და მითხრა, ჟოზეფინა ჩემს სახლში აუცილებლად უნდა იყოს, მისგან საოცარი აურა მოდისო. ერთმა ესპანელმა ქალბატონმა მითხრა, რომ ყოველ საღამოს, ძილის წინ, ესაუბრება ჟოზეფინას…
მეორე უცნაურმა ქალბატონმა მგლოვიარე ჟოზეფინა დამახატინა შავებში, რადგან მეუღლე გარდაეცვალა და იმ დღიდან ჟოზეფინა გახდა მისი მესაიდუმლე..
ძალიან კარგმა გოგონამ, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, შეიძინა ჟოზეფინები და რეაბილიტაციის ცენტრში მისნაირ უთმო და ქიმიოთერაპიაზე მყოფ მეგობრებს წაუღო საჩუქრად. ასე მითხრა, ჩვენ – ყველა ერთნაირი ვართ, ჟოზეფინა ჩემი სულის ნაწილია, ის მე მეხმარებაო. დღეს იმ გოგოს სიმსივნე აღარ აქვს, განიკურნა…
– შენი მხატვრობის ერთ-ერთმა ესპანელმა თაყვანისმცემელმა, რომელიც სისტემატურად ყიდულობს ნახატებს, თვითიზოლაციის დროს შენ მიერ დახატულ ნამუშევრებს ვიდეო მიძღვნა…
– ვიდეო საოცარი სიტყვებითაც გააფორმა. იგი მადლობას მიხდის, რომ ამ რთულ პერიოდში ვუფერადებ და ვულაზებ დღეებს, რომ ჩემი ნახატების დახმარებით უადვილდება სტრესის და შიშის გადატანა, და რომ მე მათი საჩუქარი, ვარ გამოგზავნილი მათ გასაბედნიერებლად.
– ამბობ, რომ ჟოზეფინა თავისებურია…
– დიახ, სიყვარულიც და დარდიც თავისებური იცის… დიდხანს გაბრაზება არ შეუძლია ადამიანებზე, მით უმეტეს, თუ იგი ძვირფასია მისთვის.
ყოველთვის ჩქარობს პატიებას და შერიგებას, რადგან განაწყენებულს  ძილი არ შეუძლია.
სტკივა ხალხის სევდა, თვალები და სული უტირის მათი ცქერისას, სიამოვნებს, რომ ირგვლივ სიხარული აქვთ გულებში.  არ იცის, რა არის სიძულვილი, შური, რადგან ეცოტავება არსებობის წლები ბნელი გრძნობებისთვის. მას ნათელი ფერები უყვარს, მზის სხივებივით თბილი…
– ჟოზეფინა პირბადით… ხომ არ გინახავთ ასეთი სიზმარი?
– ჟოზეფინა პირბადით არ მინახავს…
– მაგრამ სანამ ეს ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა, შენს კოლექციაში პირბადიანი ჟოზეფინაც გაჩნდა…
– ისედაც მშვიდია, მაგრამ ძალიან არ ეშინია, ცდილობს, მაღლა, კოსმოსში გაერკვეს ამ სამყაროში არსებულ ვითარებაში. ნახატს ჰქვია: „ჟოზეფინა და Codiv-19“.
– ო-ბარკო-დე-ვალიდეორრასის პროვინციაში, ქალაქ ოურენსეში, სკვერში განლაგებული ლოდები მოხატე…
– პარკს კონკრეტული სახელი არ აქვს, „ძველი ეკლესიის პარკს“ ეძახიან… შარშან ამ ქალაქმა პროექტი გამოაცხადა ხელოვანი ადამიანებისთვის. რამდენიმე ხელოვანს მისი გალამაზება გვევალებოდა. მე ერთ-ერთი ვიყავი 5 ხელოვანიდან… 15 დიდი ლოდი მოვხატე, რომლებიც ამ პროვინციის ერთ-ერთ სკვერში მდებარეობს.
ლოდებზე გალიციური ორნამენტებია, ანუ გალიციის დამახასიათებელი თემატიკაა. ერთ-ერთ ქვაზე მხატვრობას ქართული ორნამენტი შევაპარე – ვაზის და ხევსურული ელემენტებით.
– ჰობი?
– რა თქმა უნდა, ხატვა.
– ამბობ, რომ ცდილობ, თვითიზოლაცია გაუფერადო სხვებს…
– მეც თვითიზოლაციაში ვარ და მთელ დროს ხატვას ვუთმობ…მყიდველებს რაც შეეხებათ, აქ ზაფხულობით ტარდება ფესტივალი, რომელსაც „სილ-ფესტი“ ჰქვია (Sil fest), პორველად სწორედ ამ ფესტივალზე ამ პროვინციაში გამიცნო ხალხმა და ყველაზე ბევრი ნახატი ამ დროს გავყიდე. თითქმის ყველა ნახატი გავყიდე, რაც მქონდა წარდგენილი.
„სილ ფესტის“ მერე მიკავშირდებოდნენ და გარკვეული პერიოდის მანძილზე მაძლევდნენ კონკრეტული ნახატის შეკვეთებს, მაგრამ ჩემთვის ცოტა მიუღებელია კონკრეტული ნახატის ან კონკრეტული ამბის კოპირება. მერე შევთავაზე მათი შეკვეთილი ნახატის ჩემს სტილში დახატვა, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, ანუ მაძლევენ კონკრეტულ შეკვეთას და ვხატავ ჩემი ინტერპრეტაციით, მაგრამ ესეც უკვე იშვიათად ხდება, რადგან ჩემი წარმოსახვით ძირითადად ნახატებს ვხატავ …
– კარანტინის დასრულების შემდეგ, პირველად რას გააკეთებ?
– კარანტინის შემდეგ, რასაც პირველად გავაკეთებ, გამოფენის საკითხებს მოვაგვარებ.

თამარ შაიშმელაშვილი

 







კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები