სუს-ი: უწყების მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია
“2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორმა განახორციელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შემოწმება. აღნიშნულ პერიოდში სამსახურის მხრიდან ინსპექტორს შეუფერხებლად მიეწოდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად გამოთხოვნილი ინფორმაცია. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამსახურის მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
“სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ასევე განხორციელდა სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმება. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სააგენტოს საქმიანობა ინსპექტირებას დაექვემდებარა ექვსჯერ. ამათგან ორი ინსპექტირება ატარებდა გეგმაზომიერ, ხოლო ოთხი – არაგეგმაზომიერ ხასიათს. ინსპექტირების განხორციელებისას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შესულიყვნენ სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალებში და მიმდინარე რეჟიმში დაკვირვებოდნენ სააგენტოს საქმიანობას, გაცნობოდნენ მისი საქმიანობის მარეგულირებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებს და ტექნიკურ ინსტრუქციებს.
ასევე, სააგენტოს საქმიანობას სახელმწიფო ინსპექტორი აკონტროლებს კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემების გამოყენებით, რომლებიც საშუალებას აძლევენ მას რეალურ დროში გააკონტროლოს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობას რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტი ზედამხედველობს, მათ შორის, ხორციელდება საპარლამენტო, პრემიერ-მინისტრის, სასამართლოს, პროკურატურისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონტროლი.
სააგენტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ნდობის ჯგუფისთვის წარსადგენად მოამზადა გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდს.
2019 წელს ეფექტურად იყო გამოყენებული მოსამსახურეთა საქმიანობის შიდა კონტროლის მექანიზმები. გასული წლების მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა თანამშრომელთა საქმიანობის პროცესში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების, მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის
ნორმების დაცვას.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლინდა დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის ფაქტები და განხორციელდა სათანადო რეაგირება. 195 შიდა სამსახურებრივი შემოწმებისა და მომზადებული დასკვნების საფუძველზე, სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს დაეკისრათ 134 დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა – 15, თანამდებობიდან ჩამოქვეითება – 3, სასტიკი საყვედური – 14, საყვედური – 15, შენიშვნა – 17 და სხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
ამავე დროს, 2019 წელს სამსახურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 4 საქმეზე და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 6 პირი.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფდა კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემას. 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე უწყებაში მიღებული იქნა 67 განცხადება, რომელთაგან დაკმაყოფილდა 59, შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა 4 და არ დაკმაყოფილდა 4 განცხადება.
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, 2019 წლის 10 დეკემბერს სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ანგარიში წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს. აღნიშნული ანგარიში ასევე გადაიგზავნა სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
საანგარიშო წლის განმავლობაში სამსახურის მხრიდან რეაგირება განხორციელდა მოქალაქეების, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან მიღებულ 1 597 კორესპონდენციაზე. მათ შორის, აქტიურად ხდებოდა სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული, სამსახურთან დაკავშირების ელექტრონული გრაფის (info.ssg.gov.ge) მეშვეობით მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და საერთო ჯამში, შესაბამისი რეაგირება განხორციელდა 462 ელექტრონულ განცხადებაზე. სისტემატიურ რეჟიმში ხორციელდებოდა სამსახურის ცხელ ხაზზე („123“) შემოსულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ssg.gov.ge) უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება”, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.