სუს-ი: გასულ წელს 778 უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდა საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას

“გასულ წელს სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა 778 პირი, რომელიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდა საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას”, – ამის შესახებ სუს-ის 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიგრაციის არხების მონიტორინგს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონების, ასევე, სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად, სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, აქტიურად ხორციელდებოდა სარეჟიმო ობიექტების კონტროლი.
გასულ წელს 131 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება, ხოლო გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის საფუძველზე 15 მათგანს ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა. ამასთან, საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება განხორციელდა 119 ორგანიზაცია-დაწესებულებაში.
სამსახურის მიერ განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოების დაშვების მქონე იურიდიულ სუბიექტებთან დაკავშირებული 10 894 ფიზიკური პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შემოწმების პროცედურა. 1 227 პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი.
საგამოძიებო ორგანოების და სხვა დანაყოფების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან და სამსახურებრივ შემოწმებებთან დაკავშირებით განხორციელდა ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებისა და სხვა დოკუმენტური მასალების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხასთან იდენტიფიცირება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიგრაციის არხების მონიტორინგს. ოპერატიული საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ მაღალია უცხო ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით ახერხებდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ითხოვდნენ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით საქართველოში დარჩენის ნებართვას.
გასულ წელს სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა 778 პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. აღნიშნული პირების მიმართ შემდგომი რეაგირების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს.
2019 წელს სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 13 საქმეზე, ქვემდებარეობით სხვა საგამოძიებო დანაყოფიდან დამატებით გადაეცა სისხლის სამართლის 1 საქმე. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 9 პირი.
საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.
აღნიშნული დეპარტამენტების სტრუქტურული დანაყოფების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და პროკურატურაში გამოძიება დაიწყო რამდენიმე ათეულ სისხლის სამართლის საქმეზე”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები