სუს-ი: საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია

„საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2019 წლის ანგარიშშია საუბარი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობები.

„2019 წელს საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობებმა კრიტიკულად დაძაბა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და, ზოგადად, რეგიონში არსებული ვითარება. ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები.

მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული ინსტრუმენტები არსებითად არ შეცვლილა, გასულ წელს კიდევ უფრო დაიხვეწა მისი წარმოების ფორმები, მეთოდები და სამიზნე ობიექტებზე ზემოქმედების ტაქტიკა.
აღნიშნულის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ქვეყნის მიერ არჩეულ საგარეო კურსზე ზემოქმედება.
ე.წ. ჰიბრიდულ საფრთხეებთან, მათ შორის, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ – უფრო ძლიერი შესაძლებლობების მქონე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვისაც.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვის პროცესში მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს თავისუფალი სამყაროს ისეთი მონაპოვარი, როგორიცაა სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, ამა თუ იმ პირის პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური შეხედულებები და სხვა.
ახალი ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სულ უფრო იზრდება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო და კიბერ შესაძლებლობები, რაც ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის, კიბერთავდაცვისა და კონტრდაზვერვითი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნულია სუს-ის 2019 წლის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები