რატი იონათამიშვილი: პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილების პროცესში დაუშვებელია და სწორედ ეს წერია იმ შეთანხმებაში, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ
„მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილების პროცესში ნებისმიერი მიმართულებით დაუშვებელია და სწორედ ეს წერია იმ შეთანხმებაში, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას პირნათლად ასრულებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მეგობარი ქვეყანა და მთავარი პარტნიორი სახელმწიფოა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვეცნობით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიპლომატიური კორპუსის ნებისმიერ განცხადებას. საქართველო პირნათლად ასრულებს ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.