მაია ბუწაშვილი: განსაკუთრებული არაფერი ხდება, მატებას კიდევ უნდა ველოდოთ
“ბოლო დღეებში კორონავირუსზე უფრო მეტი ადამიანის ტესტირება ხდება და ესეც რომ გამოიწვევდა შემთხვევათა გამოვლენის ზრდას, გასაგები იყო”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ინფექციონისტის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ლოგიკური მატებაა.
„შემთხვევების რიცხვი რომ ერთეულები დარჩებოდა დღე-ღამის განმავლობაში, ამის ილუზია არავის ჰქონდა. გასაგები იყო, რომ გარკვეულწილად მოიმატებდა. ეს მატება არ არის ძალიან მკვეთრი და კატასტროფული. ლოგიკური მატებაა. თანაც, როგორც იცით, ტესტირების ალგორითმიც გაფართოვდა, ეს ამასაც უკავშირდება, ანუ უფრო მეტი ადამიანის ტესტირება ხდება ბოლო დღეებში და ესეც რომ გამოიწვევდა შემთხვევათა გამოვლენის ზრდას, გასაგები იყო. განსაკუთრებული არაფერი ხდება, კიდევ უნდა ველოდოთ გარკვეულწილად მატებას.
რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს – რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რაც არსებობს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სამოქალაქო დაწესებეულებები თუ ეკლესია. ცხადია, ის რეკომენდაციები, რომ არ უნდა იყოს თავშეყრა და ზედაპირების ჰიგიენა ბოლომდე დავიცვათ, ეხება ეკლესიასაც და მათაც ისევე უნდა დაიცვან, როგორც – ყველა დანარჩენმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, იქ ლოკალურად მოხდეს ინფექციის აფეთქება”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა.
296 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 458.
თამუნა შეყილაძე