“ყველა სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგი შევსებულია”

12 აპრილიდან 30 ივნისამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) რამდენიმე სასურსათო პროდუქტის ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე დეფიციტს არ გააჩენს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

“სამინისტრო ქვეყანაში არსებულ სასურსათო მარაგებსა და მათ შევსებაზე, სავაჭრო ქსელებში პროდუქციით შეუფერხებელ მიწოდებასა და ფასებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. დღეისათვის საქართველოში სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტი არერთი ქვეყნიდან ხორციელდება. მიუხედავად ამისა, დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ალტერნატიული ბაზრების მოძიებასა და ამ ბაზრებიდან იმპორტის განხორციელებაზე”, –  აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები