არჩილ ჯაფარიძე წითელ ზონად გამოცხადებულ ლენტეხის სოფელ მელეში არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.
საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე. რწმუნებული დილიდან წითელ ზონად გამოცხადებულ ლენტეხში იმყოფება და სასურსათო მაღაზიების მეპატრონეებს ხვდება.
მხარის რწმუნებული საკარანტინო ზონაში სურსათის და პირველადი საჭიროების მქონე პროდუქტის მიწოდებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს.
არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეშიც იმყოფებოდა და სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მოხდა 50-მდე ოჯახის საცხოვრებელი ეზოების სრული დეზინფექცია.
სოფელში დასრულებულია მოსახლეობის თერმოსკრინინგიც, რომლის შედეგადაც მხოლოდ 2 პიროვნებას დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, მათზე გრძელდება დაკვირვება. მოსახლეობა მკაცრად იცავს თვითიზოლაციის პირობებს.