ფოთის ჰოსპიტალის ე.წ. ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პირი მოათავსეს
ფოთის ჰოსპიტალის ე.წ. ცხელების ცენტრში ცხელების სიმპტომებით ოთხი პირი მოათავსეს, რომლებსაც პნევმონია და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ, – ამის შესახებ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერთი ადგილობრივია, სამი პაციენტი კი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ოზურგეთიდან და ქობულეთიდან შეიყვანა.
მიგინეიშვილის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში ოთხივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია და პასუხებს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
ცნობისთვის, 11 აპრილის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 114 ადამიანი იმყოფება, ზედამხედველობიდან მოიხსნა – 696 პირი, 286 – ადამიანია საკარანტინე სივრცეში, კარანტინიდან მოხსნილია – 190 მოქალაქე.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტთაგან ერთს,ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული პირველადი ტესტით covid-19 არ დაუდასტურდა, მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. მეორე ინფიცირებული ქალბატონი კი ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.