შალვა კიკნაველიძე: დაუშვებელია, აუცილებელი მოხმარების პროდუქციის მარაგთან დაკავშირებით რამე პრობლემა შეგვექმნას
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი მიმდინარეობს. მონიტორინგის ფარგლებში, ზესტაფონის მაჟორიტარმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში არსებული პურის საცხობები დაათვალიერა.
უმრავლესობის დეპუტატმა პროდუქტების მარაგის, მიწოდებისა და ფასების შესახებ საწარმოების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია ადგილზე მიიღო. შალვა კიკნაველიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, არ შეიქმნას აუცილებელი მოხმარების პროდუქციის დეფიციტი და შენარჩუნდეს ფასები.
“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საწარმოებმა შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა. ამავდროულად, დაცული უნდა იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შესაბამისი უწყებების მიერ არის გაცემული. დაუშვებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, აუცილებელი მოხმარების პროდუქციის მარაგთან დაკავშირებით შეგვექმნას რამე პრობლემა. ამავდროულად, უნდა შენარჩუნდეს ფასებიც”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
ქვეყანაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ზესტაფონში 12 საწარმო მუშაობს, რომელსაც ფუნქციონირების უფლება არ აქვს შეზღუდული.