ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ
„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით იზრუნოს როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ მოქალაქეებზე, ასევე, ჩვენს ემიგრანტებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, გაწერილი აქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და ეს გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება”, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში „ქრონიკა” განაცხადა.
მისივე თქმით, გათვლილია შესაძლებლობები ყველა მიმართულებით როგორც ფრენების, ასევე, საკარანტინო სივრცეების კუთხით.
„სახელმწიფო დღეს მოქმედებს ამ გეგმის მიხედვით. ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ და, რაც მთავარია, ეს ხდება რაციონალურად სწორი და თანმიმდევრული გეგმის საფუძველზე. კოორდინაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში სწორედ იმისთვის, რომ თუკი არის სადმე რაიმე ხარვეზი, ის მყისიერად აღმოიფხვრას. სწორედ ამიტომ არის სახელისუფლებო გუნდის მუშაობა მაქსიმალურად ეფექტიანი. სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ რაიმე არსებითი ხარვეზი ჩვენ არ გვქონია. კოორდინაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენ ვრეაგირებთ იმ გამოწვევებზე, მათ შორის, ახალ გამოწვევებზე, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ვლინდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.