გიორგი გამსახურდია: ცოტნეს მკურნალობა არ მოჰკლებია და ცოტნე გაიტაცეს, ცოტნე არ ვიცით, სადაა – არის სპეკულაცია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია წერს, რომ მისი ძმა, ცოტნე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მძიმედ დაჭრეს, ახლა რებილიტაციის პროცესს გადის და მას მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღება არ მოკლებია. როგორც გიორგი გამსახურდია “ტვიტერზე” წერს, არ სურს კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, რომელიც მისი ძმის მდგომარეობით სპეკულირებენ და ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
“ცოტნეს საკითხი იყო რთული. პირველ ეტაპზე, ფაქტობრივად, ყველა იმედი გადაწურული იყო. ქართველმა ექიმებმა და ქართულმა ჯანდაცვის სისტემამ მართლა ყველაფერი გააკეთეს, რომ სიტუაცია რადიკალურად სასიკეთოდ შემობრუნებულიყო. შემდეგ დადგა ეტაპი, როდესაც ცოტნე საჭიროებდა საზღვარგარეთ მკურნალობას, შეირჩა კლინიკა და საქართველოს მთავრობის, ასევე, ფონდი “ქართუს” სრული ჩართულობით, სამედიცინო თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთში, სტამბოლის “აჯიბადემის” კლინიკაში, სადაც, ფაქტიურად, სასწაული მოახდინეს ექიმებმა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ცოტნე გამოაღვიძეს.
მესამე ეტაპი, რომელიც რეაბილიტაციას მოიცავს, დაიწყო ახლა. ასევე, ზემოხსენებული ადამიანების ორგანიზებითა და ჩვენი სრული ჩართულობით რეაბილიტაცია თურქეთში გადაწყდა იმ მიზეზის გამო, რომ იმ დროისთვის, ცნობილი მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირი იყო სრულიად დახურული და მიუხედავად ქალბატონი ე. ტიკარაძის პირადი ძალისხმევისა, გერმანულ მხარეს არ აღმოაჩნდა მზაობა, მიეღო სარეაბილიტაციოდ პაციენტი. ცოტნე მოიტაცეს, ცოტნე გაიტაცეს, ცოტნე არ ვიცით სადაა, გიორგის “ტვიტერი” ყალბია და ა.შ. არის სპეკულაცია, სხვა თუ არაფერი…
არ ჩამოვთვლი იმ არამკითხე მოამბეების სახელებსა და გვარებს, ვინც ამ სისულელეში არიან ჩართულნი და ამ სისულელეებსა და სიცრუეს ტირაჟირებენ. არ მინდა და არ მაქვს სურვილი, მანანას ნათქვამზე, ან თუნდაც რაიმე საქციელზე კომენტარი გავაკეთო. ზრდასრული დამოუკიდებელი ადამიანია და თავად არის თავის გაკეთებულ საქმეზე თუ ნათქვამზე პასუხისმგებელი.
ახლა, ბოლოს, ცოტნეს მკურნალობის არცერთ ეტაპზე, არცერთი ინსტანციისგან, მაქვს მხედველობაში ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, მმართველი გუნდი თუ ადგილობრივი საელჩო, იოტისხელა მკურნალობა არ მოკლებია მას და არც თურქეთში მყოფ დედამისს და მის მეუღლე ანის. ყველაფერი ცოტნეს გარშემო მიდის და მიდიოდა უმაღლესი ყურადღებით და უმაღლესი სტანდარტების სრული დაცვით, რაც დღევანდელ მსოფლიოში შეიძლება, რომ ადამიანს ჰქონდეს”, – წერს გამსახურდია და ის ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას ოჯახის დახმარებისთვის მადლობას უხდის.